ახალი ამბები

საქართველოს პატრიარქი მოსკოვშია

18 ნოემბერი, 2011 •
საქართველოს პატრიარქი მოსკოვშია

საქართველოს პატრიარქი უკვე ჩავიდა რუსეთში. საქართველოს დელეგაციის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტ ვნუკოვო 3-ში დაეშვა. დელეგაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიტროპოლიტი ილარიონი და მისი მოადგილე დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი დახვდნენ. ამ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. 

შაბათს, 19 ნოემბერს, რუსეთის პატრიარქი კირილი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავენ მოსკოვში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში. 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის პატრიარქები მაცხოვრის სახელობის ტაძარში ერთობლივ წირვას აღავლენენ. ამას გარდა, საქართველოს პატრიარქი წირვას აღავლენს რუსეთის დედაქალაქში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში. ილია მეორე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს. 

“მოსკოვს და თბილისს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დღეს, თუმცა ეს ხელს არ უშლის ორივე ქვეყნის ეკლესიების წარმომადგენლებს, თანამშრომლობის საკითხები განიხილონ,” – განაცხადა “რია ნოვოსტისთან” საუბრისას დეკანოზმა ბალაშოვმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში დღეს გაემგზავრა. ილია მეორესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრნენ ქართველი მღვდელმთავრები და მგალობელთა გუნდი. 

როგორც “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს პრესმდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, ვიზიტი 4-5 დღეს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი