პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე კონსულტაციებს გააგრძელებს

პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებს და გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განმარტა, კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს იმ კონტექსტში, რომ არ იყო გაგზავნილი არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არც ვენეციის კომისიაში – არ იყო გათვალისწინებული კომისიის მოსაზრებები, რასაც ჩვენ ევროსაბჭოს წევრობა გვავალდებულებს.

„საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იცავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და კონსტიტუციითაც სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობის გარანტია. შესაბამისად, ეს კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღიო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს. ამიტომ პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან”,- აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონსულტაციები მას შემდეგ გაიმართება, რაც პარლამენტიდან კანონი საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com