ახალი ამბები

დახურული მთავრობის სხდომები- მინისტრებმა ჟურნალისტებთან საუბარს თავი აარიდეს

16 მაისი, 2016 •
დახურული მთავრობის სხდომები- მინისტრებმა ჟურნალისტებთან საუბარს თავი აარიდეს

დღეს, 16 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა კომენტარი არ გააკეთეს. ერთადერთი მინისტრი, რომელიც მთავრობის კანცელარიაში არსებულ “ბრიფინგების ოთახში” მივიდა, გელა დუმბაძე იყო. მან საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის პროცედურებზე ისაუბრა.

კანცელარიაში მთავრობის სხდომა დღეს, 15:00 საათზე დაიწყო. დღის წესრიგით 37 საკითხი იყო გათვალისწინებული. ჟურნალისტები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ელოდნენ, თუ როდის მიეცემოდათ მინისტრებისთვის კითხვების დასმის საშუალება.

ჟურნალისტებმა პრესსამსახურის წარმომადგენელს ჩააწერინეს მინისტრების სია, რომლებთანაც შეკითხვები ჰქონდათ. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე, სტიქია კახეთში და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები, 17 მაისს ლგბტ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, წინასაარჩევნო პროცესები – ამ საკითხებზე შეკითხვები მინისტრებთან პასუხგაუცემელი დარჩა. თუმცა სიაში, რომელიც ჟურნალისტებმა პრესსამსახურს გადასცეს, თითქმის ყველა მინისტრი შედიოდა.

მთავრობის სხდომა კანცელარიის მეთორმეტე სართულზე ტარდება, ჟურნალისტები კი მათთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, მესამე სართულზე იმყოფებიან. მთავრობის სხდომის დასრულებამდე ჟურნალისტები პრესსამსახურის წარმომადგენელს აცნობენ იმ მინისტრების ჩამონათვალს, რომლებთანაც შეკითხვები აქვთ.

მთავრობის სხდომა მედიისთვის დახურულია. ტრადიციულად, სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრი მედიისთვის განცხადებას აკეთებს, რასაც იღებენ ტელეკამერები. ასევე, ადმინისტრაციის პრესამსახური თავადაც ავრცელებს ვიდეოკადრებსა და ტექსტს. ამის შემდეგ მთავრობის სხდომა სრულად დახურული ხდება.

ამჯერად პრემიერ-მინისტრს არც სხდომის დაწყების წინ გაუკეთებია საჯარო განცხადება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი