ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიის „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის” წევრი გახდა.
მეტრეველი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძემ მას შესთავაზა თავის პარტიაში გაწევრიანება, რაზეც დათანხმდა, ხოლო ჟურნალისტურ მუშაობას წყვეტს.
ამის შესახებ მერაბ მეტრეველმა გაზეთ “კვირის პალიტრის ბლოგზე” დაწერა და მკითხველს გამოემშვიდობა. მეტრეველმა მისი გადაწყვეტილება “ნეტგაზეთსაც” დაუდასტურა.
პაატა ბურჭულაძემ 16 მაისს ის უკვე წარადგინა პარტიის ახალ სახედ.
ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკა ბინძურ საქმედაა მიჩნეული, რადგან მასში არ ერთვებიან პატიოსანი და ღირსეული ადამიანები, რის გამოც ასპარეზი სხვებს რჩებათ.
“პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა, ეს სურვილია”, – ამბობს მეტრეველი.
მეტრეველი განმარტავს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია არის „ახალი ძალა და არ არის დამძიმებული ისეთი წარსულით, როგორიც პარტიების უმეტესობას აქვს“, ხოლო ბურჭულაძის პოლტიკაში ყოფნას მიესალმება.
პაატა ბურჭულაძემ ოფიციალურად გასულ კვირას განაცხადა, რომ პოლიტიკურ საქმინობას იწყებს და საპარლამენტო არცევნებში მიიღებს მონაწილეობას. ის „საქართველოს განვითარების ფონდის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან გასულ კვირას გადადგა. ფონდის ფეისბუქ გვერდს კი გასულ კვირასვე გადაერქვა სახელი და ახლა მას „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ ჰქვია.