ახალი ამბები

ომბუდსმენი სახელმწიფოს თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დახვეწისკენ მოუწოდებს

15 მაისი, 2016 • 1384
ომბუდსმენი სახელმწიფოს თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დახვეწისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის მიერ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათგან მხოლოდ მცირედი ნაწილი შესრულდა. ომბუდსმენის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოქმედი კანონმდებლობა დაიხვეწოს და შესაბამისობაში მოვიდეს თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვის მიმართულებით აღებულ ვალდებულებებთან.

სახალხო დამცველი ასევე მოითხოვს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, რათა შეიქმნას თამბაქოსგან თავისუფალი გარემო.

ომბუდსმენი ასევე საუბრობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილ უმოქმედობაზე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების ყოველდღიური უგულებელყოფის ფაქტების მიმართ. მისი ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული მხოლოდ ერთი დადგენილება, რომლითაც პირს არასრულწლოვნისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის გამო ადმინისტრაციული სახდელი დაედო.

“წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თამბაქოს ნაწარმზე ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით 2014 წლიდან 4–ჯერ მოხდა გადასახადების მატება, თუმცა ამ მიმართულებით მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენციით აღიარებული ვალდებულებების ეფექტურ შესრულებად,” – აცხადებს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული რეგულაციების შესრულებაზე.

2006 წლის 15 მაისს საქართველოსათვის ძალაში შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც აღიარებს, რომ თამბაქოს ეპიდემია წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის პრობლემას, რომელსაც სერიოზული მავნებლობა მოაქვს ჯანმრთელობისათვის და საჭიროებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ყველა ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების ზომების გატარებაში. თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარების ვალდებულება აიღო. ამით ხელისუფლებამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეიქმნა სამთავრო კომისია, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები, რომლითაც განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესების და მისი ჩარჩო-კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი