შსს-ს მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში მთავრობამ შეიტანა, “112” -ის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით იქმნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“, რომლის საქმინობის ძირითადი სფერო იქნება – საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე შესაბამისი რეაგირება.
ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, იმუშავებს შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის საშუალებით (112).
ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას დაამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი. მინისტრი დანიშნავს ხელმძღვანელ პირსაც, უწყებაზე კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
კანონპროექტის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კანონპროექტი 7 ნოემბერს შევიდა პარლამენტში და მისი მიღება მომავალ წლამდეა დაგეგმილი. კანონპროექტის მიხედვით 2012 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის დებულება, თანამდებობაზე დანიშნოს სსიპ „112“–ის დირექტორი და უზრუნველყოს „112“–ის შექმნისათვის აუცილებელი სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები. ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ასევე 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს „112“–ის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“–ისთვის გადაცემა.
კანონპროექტში არაა განმარტებული ტერმინები “საგანგებო” და “გადაიდებელი დახმარება”.
ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სამმართველოს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გაუქმდება თუ არა აღნიშნული დეპარტამენტი.




