ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა დღეს, 14 მაისს დილით დაამტკიცა, ვეტო დაადოს.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილებები ხელსუფლებას საშუალებას აძლევს, საკონსტიტუციო სასამართლო გააკონტროლოს.
”ამ კანონით ირღვევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ირღვევა ის დაპირება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ გასცა ევროსაბჭოს მომხსენებლების მიმართ. ეს კანონი იმსახურებს საერთაშორისო კრიტიკას და ლახავს სასამართლოს იმიჯს. აკნინებს სასამართლო ხელისუფლებას, ემსახურება სასამართლოზე ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებას და ქმნის პირდაპირ საფრთხეს, რომ ხელისუფლებას ყველა დონეზე ექნება მწვანე შუქი, ხელში ჩაიგდოს ”რუსთავი 2”. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და მინდა მას თხოვნით და მოწოდებით მივმართო – გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ვეტო დაადოს ამ კანონს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.