ახალი ამბები

რა დარღვევა ნახა გია ცაგარეიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში

11 ნოემბერი, 2011 •
რა დარღვევა ნახა გია ცაგარეიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის 190–მდე ზრდას შეეხება, საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ და “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პირვანდელ და ამჟამინდელ ხელმომწერებს შორის ერთით მეტი დეპუტატის ხელმოწერა აღმოაჩინა.

“პირველ ვარიანტში, რომელიც 2011 წლის 8 ნოემბერს დამტკიცდა, ბატონი თორთლაძის ხელმოწერა არ იყო. სიაში ნომერ ათის გასწვრივ სიცარიელეა დატოვებული, ანუ ხელისმოწერა არ არის დაფიქსირებული. რომ დაადაროთ ინიციატივას, რომელიც დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საორგანიზაციო დეპარტამენტში არსებული წესით, აღმოვაჩენთ, რომ დღეს საპროცედურო კომიტეტის მიერ გადამოწმებულ ხელის მოწერებში არის თორთლაძის ხელმოწერა. საპროცედურო კომიტეტმა დღეს დაადგინა 83 ხელმოწერის ნამდვილობა, ხოლო სიას, ანუ პირვანდელ ვარიანტს ხელს აწერს, 82 დეპუტატი. ის მეათე, ჩემი ვარაუდით, არის ბატონი გია თორთლაძე, რომელიც პირველ სიაში არ არის, ხოლო მეორე სიაში არის. ანუ როგორც ჩანს, კომიტეტმა დაადასტურა ის, რასაც ბუნებრივია ადგილი არ ჰქონია. იმ ვარიანტზე, რაც დარეგისტრირებულია, დეპუტატი ხელს არ აწერს და კომიტეტმა ეტყობა ივარაუდა, რომ ბატონი თორთლაძე გულმხურვალე მხარდამჭერებს შორის იქნებოდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების და პირდაპირ მიაწერა დანარჩენ ხელისმომწერ პირებს მისი გვარი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცაგარეიშვილმა.

დეპუტატი აღნიშნული ფაქტის გამოძიებასა და დადგენას ითხოვს, ხოლო ამ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში კი შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

“თუ ეს ასე მოხდა და საბოლოოდ დადგინდა, მე ველოდები ამ საკითხის განხილვის დაწყებას სხდომაზე, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩემი აზრით, რადგან აქ სიყალბესთან გვაქვს შეხება და შესაბამისმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე,” – აღნიშნავს ცაგარეიშვილმა.

დეპუტატ გია თორთლაძის განცხადებით, მან ხელი აღნიშნულ ცვლილებას გუშინ, საღამოს 7 საათზე მოაწერა.

“მაგის მეტი საქმე არ აქვს ცაგარეიშვილს. ამაზე მე  შესაბამის განცხადებას გავაკეთებ. მე ხელი გუშინ, 7 საათზე მოვაწერე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თორთლაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი