ახალი ამბები

სააკაშვილი: NATO-სთან ასე ახლოს საქართველო არასოდეს ყოფილა

10 ნოემბერი, 2011 •
სააკაშვილი:  NATO-სთან ასე ახლოს საქართველო არასოდეს ყოფილა
“დღეს მე სიამაყით მოგესალმებით საქართველოში, როგორც შემდგარ, სწრაფად განვითარებად სახელმწიფოში. დღეს მოგესალმებით ქვეყანაში, რომელიც ოკუპაციის მიუხედავად მაინც დგას ფეხზე , იმართება წელში, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი. დღეს მე სიამაყით მოგესალმებით ქალაქ ბათუმში, სადაც ხუთი წლის წინ ამ სასტუმროებს, რომლებსაც ხედავთ, არც ერთი ეს სასტუმრო არ იყო, ისე სწრაფად ვაშენებთ. აქ შენდება უფრო მეტი 5– ვარსკვლავიანი სასტუმრო, ვიდრე ევროპის ზოგიერთ 10 და 15–მილიონიან დედაქალქში. აქ წარმოუდგენელი განვითარებაა ტურიზმისა და ეკონომიკის,” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან და ნატოს ელჩებთან შეხვედრის დაწყების წინ.

“ჩვენი მრავალსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე ასე ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე, არ ვყოფილვართ ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცესთან, ქართველი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებასთან. ის, რაც ხდება თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაიმართა ჩრდილო–ატლანტიკური საბჭოს სხდომა თბილისში, როგორც ძალიან დიდი სიმბოლური გამოხატულება ევრო–ატლანტიკური სოლიდარობის ქართველი ერის მიმართ,” – განაცხადა სააკაშვილმა.   

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნისგან მიიღო მიწვევა და უახლოეს პერიოდში ბრიუსელში ჩავა.

“მე დღეს მივიღე მოწვევა გენერალური მდივნის მიერ იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს პერიოდსი ჩავიდე ბრიუსელში და ხელახლა დავესწრო საბჭოს სხდომას. ერთი სიტყვით, ამხელა ინტენსიური ურთიერთობა უპრეცედენტოა,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი