ახალი ამბები

ნატოს ელჩები ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხით დაინტერესდნენ

10 ნოემბერი, 2011 • • 929
ნატოს ელჩები ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხით დაინტერესდნენ
საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სასამართლო სისტემის რეფორმები, კონსტიტუციური ცვლილებები და საარჩევნო პროცესები, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი, მედია – ეს ის საკითხებია, რაზეც ნატოს ელჩებმა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთეს.  

ნატოს ელჩებთან შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორი ორი მიმართულებით იყო წარმოდგენეილი: უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები და  ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლო სისტემაში, სასჯელაღსრულების სფეროში, მედიის საკითხებში აქტიურად არიან ჩართულნი.   

ნატოს ელჩები საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხითაც დაინტერესდნენ. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა ჟურნალისტებს.

“ამ საკითხით ელჩები დაინტერესდნენ და კონკრეტული კითხვა აღნიშნულ საკითხზე სწორედ მათ დასვეს. მათ აინტერესებდათ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი. თუმცა ამ შეხვედრაზე, ჩვეულებისამებრ, პოზიციას არ აფიქსირებდნენ. უბრალოდ, აზრი აინტერესებდათ,” – განაცხადა გიგაურმა.

“საია”–ს ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე კითხვები ბევრ სფეროსთან დაკავშირებით დაისვა, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმებზე, კონსტიტუციურ ცვლილებებსა და საარჩევნო პროცესებზე, ასევე მედიის სფეროში არსებულ პრობლემებსა და პატიმრების მდგომარეობაზე.

“ჩვენ მივაწოდეთ მათ ინფორმაცია რეფორმების მიმართულებით. ეს იყო ზოგადი მიმოხილვა ქვეყანაში გატარებულ და გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით. მათ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ,” – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ ელჩებთან შეხვედრისას ძირითადი აქცენტი საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდა.  

“ვისაუბრეთ საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და განვიხილეთ ის საკითხებიც, რომელიც ეხება საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი ხედვები. რა თქმა უნდა, თვითონ ის ფაქტი, რომ ნატო ასე ყურადღებით ეკიდება ყველა ამ საკითხს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს სტრატეგიას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მყარი მხარდაჭერა,” – განაცხადა სიხარულიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი