საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს იმ შეთანხმების თაობაზე, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა გუშინ, 9 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტების პაკეტს:
პირველი, ეს არის ორმხრივი შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის – საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ.
მეორე დოკუმენტი, რასაც ხელი მოეწერა, ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “განამტკიცებს შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს, რომელსაც, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ეკისრება საერთაშორისო მონიტორების შერჩევა და მათთვის მანდატის მინიჭება და რომლის წინაშეც აღნიშნული მონიტორები იქნებიან ანგარიშვალდებულნი”.
ამას გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება შვეიცარიის მთავრობის წინაშე და რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს მიანიჭებს შვეიცარიის მთავრობა.
“მოქმედების პირობები ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორინგისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ამასთან, მოქმედების პირობების თანახმად, მონიტორი არ შეიძლება იყოს რუსეთის ან საქართველოს მოქალაქე; საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში მონიტორები ისარგებლებენ გადაადგილების თავისუფლებით”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე განცხადების შესაბამისად, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, შექმნან საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შედგება საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან.
“საერთაშორისო მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორთა ფიზიკურ ყოფნას საბაჟო პროცედურების სრულ ფარგლებში დოკუმენტებისა და ჩანაწერების, ისევე, როგორც საქონლისა და საეჭვო ტვირთის ფიზიკური შემოწმების პროცესში. მონიტორები, ასევე, გააკონტროლებენ, რომ ყველა ტიპის ტვირთს ჰქონდეს ელექტრონული ბეჭედი და GPS/GPRS ტრეკერები. მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემა ითვალისწინებს ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის საერთო პლატფორმის შემუშავებას, რომელიც საერთაშორისო მონიტორებს უზრუნველყოფს ყველა სახის საბაჟო და სავაჭრო ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით და ტვირთთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მიწოდების გზით, მათ შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ რისკის მენეჯმენტი და აუდიტი”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გარკვეული ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია დათანხმდა შვეიცარიის კონფედერაციის წინადადებას იმ ფორმით, რომელიც საქართველომ მიიღო 2011 წლის 27 ოქტომბერს.
“აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას საქართველოსთვის, რადგან ის იძლევა რუსეთსა და საქართველოს მთლიან ტერიტორიას, მათ შორის აფხაზეთს, საქართველო და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, შორის სასაქონლო ბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. შეთანხმება ასახავს მონიტორინგის ყველა იმ ელემენტს, რომელსაც საქართველო ითხოვდა მოლაპარაკებათა დასაწყისიდანვე”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.