“წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია. მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვის კომენტირებისას გააკეთა.
თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ხალხს უჭირს იმის გარკვევა, თუ ვის თამაშს თამაშობს პაატა ბურჭულაძე:
“ყველას აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში, მათ შორის ბატონ პაატა. თუმცა მიმაჩნია, რომ ის მაინც ნაციონალური მოძრაობის სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. ნაწილობრივ ხელისუფლების მომხრეების ხმებსაც მიიღებს, რადგან ბევრს უჭირს იმის გარკვევა, თუ ვის თამაშს თამაშობს.”
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს:
“გააჩნია, როგორ გაივლის დარჩენილ პერიოდს. მას აქვს საკმაოდ ისეთი შანსი, რომ შეიძლება გადალახოს კიდეც ბარიერი.”
მეჭიაურის თქმით, ბურჭულაძე კადრებს “ნაციონალური მოძრაობაში” ეძებს, რაც მისი აზრით, იმის განცხადების საფუძველს იძლევა, რომ სატელიტი პარტია იქნება:
“თუნდაც საკადრო პოლიტიკა, რომელიც მას აქვს. ფაქტობრივად, ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან ეძებს თავის სახეებს ძირითადად. წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია. მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშილის ბანობას აპირებს .”
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ოფიციალურად ერთვება. ამის შესახებ განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებს.