11 მაისს, 79 წლის იუბილეზე კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას ვარკვლავი გაიხსნა კინოთეატრ რუსთაველის წინ, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ვარსკვლავი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. შესაბამისი ფოტომასალა კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს თბილისში, მსახიობ ნატო ვაჩნაძის და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახში დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. არის რეჟისორი ფილმების: “ალავერდობა”, “ფიროსმანი”, “სიყვარული ყველას უნდა”, “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, “მიდიოდა მატარებელი”, “აცი ხვიტია”, “ვერის უბნის მელოდიები”, “ხარება და გოგია”.
გიორგი შენგელაიას მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალების დიპლომი, ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “დრაკონი” და ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“, დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია, აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია, ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი, კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი , სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვა.