ახალი ამბები

შაშკინმა ბაღათურიას ბრალდებას უპასუხა

8 ნოემბერი, 2011 •
შაშკინმა ბაღათურიას ბრალდებას უპასუხა

“უკვე მერამდენედ პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია ჩვეული სიცრუით ცდილობს კიდევ ერთხელ შეიყვანოს ქართველი საზოგადოება შეცდომაში.  მარტვილის რაიონის საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს  მინიჭებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის გელა ჭედიას სახელი, არ არის ლიკვიდირებული და ამ სკოლაში სწავლა ხორციელდება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.

რაც შეეხება, ბაღათურიას სხვა განცხადებებს, მინდა აღვნიშნო, რომ განსხავებით მისგან და მისი პატრონებისგან, მე როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს, არაერთხელ გამომიხატავს ჩემი დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთმა ყველაზე სასტიკი  მეთოდებით განახორციელა სამხედრო ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ს ოკუპაცია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჯონდო ბაღათურიას და მის მსგავს მოღვაწეებს, შეწყვიტონ სპეკულირება  ბავშვების, მასწავლებლების და სკოლების საკითხებზე,”–განაცხადა დიმიტრი შაშკინმა ჯონდი ბაღათურიას დღევანდელი ბრალდების საპასუხოდ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჯონდი ბაღათურიამ დღეს, 8 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ქვეყნის მოღალატეობაში დაადანაშაულა. მან პარლამენტარებს დოკუმენტი დაანახა, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, დიმიტრი შაშკინის ოფიციალური განცხადება იყო, სადაც მინისტრი “რუსეთის აგრესიას აგვისტოს მოვლენები უწოდებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი