შეარიგებს თუ არა ივანიშვილი უსუფაშვილს სუბართან?

რა პოზიცია ექნება “რეპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, თუკი მისი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი სოზარ სუბართან ითანამშრომლებს, რომელსაც უსუფაშვილმა ოპოზიციაში მომხდარი დაპირისპირების დროს “ნაძირალა” უწოდა?
რა პოზიცია ექნება “რეპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, თუკი მისი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი სოზარ სუბართან ითანამშრომლებს, რომელსაც უსუფაშვილმა ოპოზიციაში მომხდარი დაპირისპირების დროს “ნაძირალა” უწოდა?
“ჩემთვის ჯერჯერობით არ დამდგარა ის საკითხი, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთო. თუ გახდება ამის საჭიროება, ამას შემდგომში მოგახსენებთ. ყველა მოქალაქეს აქვს შეცდომის უფლება და ასევე, შეცდომის გამოსწორების უნარი უნდა ჰქონდეს მას. და ისინი, თუ შეცდომებს აღიარებენ, ეს მხოლოდ კარგი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენმა დუხჭირმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი ააცდინა გზას,” – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
დღესვე უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზეც.
“ჩვენ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ პოლიტიკური ცხოვრებიდან ვინმეს განდევნა პოლიტიკოსის საქმე არ არის, მაგრამ ამასობაში ბატონმა ბიძინამ საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტეტები, როგორც პარტნიორებთან დაკავშირებით, ისევე – დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან. ძალიან დეტალურად განმარტა, რომ შეხვედრა, ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს, რომ ის გაერთიანებას აპირებს ყველასთან, ვისთანაც შესაძლოა შეხვედრა გამართოს.  ბიძინა ივანიშვილის არც საჯარო განცხადებებიდან, არც პირადი საუბრებიდან მე არ შემქმნია არანაირი საფუძველი, რომ ეს საკითხი რაიმე ალბათობის დონეზე განვიხილო და მასზე კომენტარი გავაკეთო. მან თქვა, რომ აქვს პრინციპული, განსხვავებული შეხედულებები იმ პოლიტიკურ გზასთან და გეზთან, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკოსი ადგას. მან, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა იმისა, რომ შეხვედრა და საუბარი ყველასთან შეიძლება. პოლიტიკოსი ეს ის პროფესიაა, რომელსაც არ აქვს გაბუტვის უფლება,” – აცხადებს უსუფაშვილი.
ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ აუცილებლად ითანამშრომლებს ნინო ბურჯანაძესთან:
“განცხადებები და ქმედებები, რაც ქალბატონი ნინოს თაოსნობით განხორციელდა, ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც ჩვენ შორის არსებობს, არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, მე კი ამას გამოვრიცხავ. კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთან.”
მოგვიანებით კი მისი ეს სიტყვები ივანიშვილის პრეს–სამდივნოში დააზუსტეს და განაცხადეს, რომ “თანამშრომლობა არ გულისხმობს იმთავითვე რაიმე ტიპის პოლიტიკურ კავშირს… თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგია, ვინმე განიდევნოს ქართული პოლიტიკური სივრციდან, გარდა იმ პირებისა, ვისი მორალური ან სამართლებრივი დანაშაულიც დასტურდება.”
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ “არ და ვერ გამოიკვეთა ისეთი საკითხი”, რომელზეც მას ივანიშვილისგან განსხვავებული აზრი ექნებოდა:
“მე ცოტათი შეშფოთებული ვარ იმით, რომ უთანხმოების საფუძველი ბიძინა ივანიშვილთან დღემდე ვერ ვნახე, იმდენად ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს”, – აცხადებს უსუფაშვილი.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ოთო დალაქიშვილი