ახალი ამბები

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

8 ნოემბერი, 2011 • • 1610
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ქართულ პოლიტიკაში ახლადგამოჩენილ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, შედეგად გაირკვა, რომ  მათი “ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთს სრულიად ემთხვევა.” ამის შესახებ ფეხბურთელმა დღეს, 8 ნოემბერს, ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე, ჩანაწერი ივანიშვილთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა.

“ჩემო თანამემამულენო, მე – კახა კალაძე ისევე როგორც თქვენ, მილიონობით ჩემი თანამემამულე, მივესალმები ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილის ქველმოქმედება გადაწვდა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და ეს ჩვენ ყველამ გავიგეთ მხოლოდ ბოლო პერიოდში. იგი წლების მანძილზე უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის და რეკლამის გარეშე აკეთებდა საერო საქმეს. მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი ბატონ ბიძინას. შედგა გულთბილი და მეგობრული შეხვედრა მასთან და მის ვაჟიშვილ ბერასთან. გავიცანი მისი ტრადიციული ქართული ოჯახი. შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩვენი ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთს სრულიად ემთხვევა. ისევე როგორც თქვენ, სამშობლოს უკეთესი და ღირსეული მომავლის მოსურნე ჩემო თანამემამულენო მეც გამოვთქვამ მზადყოფნას ყველა კონსტიტუციური საშუალებით ვიბრძოლო დამამცირებელი რეჟიმის დასასრულებლად,” – წერს კახა კალაძე ფეისბუქში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი წერილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ბიზნესმენთან შეხვედრამდე, გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მაშინ ფეხბურთელი წერდა: “ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და, როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი.”

ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი
ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი