იტალიის პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ფეისბუქში, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, უარყო ხმები თავისი შესაძლო გადადგომის შესახებ. “ჭორები ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა,”- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ მინისტრი “როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მის სტატუსს უკვე 2 ათასზე მეტმა ადამიანმა უპასუხა.
“როიტერის” ცნობით, შეტყობინებამ ბერლუსკონის შესაძლო გადადგომის შესახებ დაუყოვნებლივი დადებითი ეფექტი იქონია იტალიის მთავრობის ობლიგაციებსა და საფონდო ბაზრებზე, რომელიც იტალიის არეული შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამო ისედაც შერყეული იყო და რის გამოც ევროზონაში სავალო კრიზისი გაუარესდა.
როგორც როიტერი წერს, გადადგომაზე ბერლუსკონის უარმა და სიტუაციის მკვეთრად შეცვლამ აჩვენა, თუ როგორ ძალიან უნდა ბაზრებს მისი გადადგომა.
ინფორმაცია ბერლუსკონის შესაძლო გადადგომის შესახებ “როიტერმა” ბერლუსკონისთან დაახლოებული ორი ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
იტალიური გაზეთის Foglio–ს რედაქტორი და ყოფილი მინისტრი ჯულიანო ფერერა თავის ვებ–გვერდზე წერს, რომ “ბერლუსკონის გადადგომა რამდენიმე საათის, ზოგიერთის თქმით კი, რამდენიმე წუთის საქმეა”.
კიდევ ერთი იტალიური გამოცემის Libero–ს რედქტორის მოადგილე ფრანკო ბეჩისი კი ტვიტერზე აცხადებს, რომ ბერლუსკონი ორშაბათ საღამოს ან სამშაბათ დილას გადადგება.
ამ შაბათ–კვირას რომში სილვიო ბერლუსკონის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათიაათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იტალია, რომლის საერთო ვალი მთლიანი ეკონომიკური წარმოების 120%–ს შეადგენს, საბერძნეთის შემდეგ მეორე კრიზისულ ქვეყნად ითვლება ევროზონაში.
საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა გეორგიუს პაპანდრეუმ დღეს გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამდებობას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე დატოვებს.
იტალიამ გასულ კვირას თანხმობა განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის მიერ საპენსიო, შრომითი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე კონტროლის შესახებ.




