ახალი ამბები

ივანიშვილის პრეს–სამდივნო აზუსტებს, რას ნიშნავს თანამშრომლობა

7 ნოემბერი, 2011 • 945
ივანიშვილის პრეს–სამდივნო აზუსტებს, რას ნიშნავს თანამშრომლობა

“მასმედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სხვადასხვა პოლიტიკურ
ძალებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნო ავრცელებს.

პრეს–სამდივნო აზუსტებს, რომ “თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგია, ვინმე განიდევნოს ქართული პოლიტიკური სივრციდან, გარდა იმ პირებისა, ვისი მორალური ან სამართლებრივი დანაშაულიც დასტურდება.

თანამშრომლობა არ გულისხმობს იმთავითვე რაიმე ტიპის პოლიტიკურ კავშირს. ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს,
გააჩნია სერიოზული კითხვები ბევრ ქართველ პოლიტიკოსთან და ამ კითხვებზე პასუხის მიღების გარეშე რაიმე ტიპის ურთიერთობაზე საუბარი არ განიხილება”, – აცხადებენ ივანიშვილის პრეს–სამდივნოში.

პრეს–სამდივნოს მხრიდან დაზუსტებების გაკეთება ივანიშვილის მიერ “კვირის პალიტრისთვის” მიცემული ინტერვიუს შედეგად გახდა აუცილებელი, სადაც მან ნინო ბურჯანაძესთან შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა:

“განცხადებები და ქმედებები, რაც ქალბატონი ნინოს თაოსნობით განხორციელდა, ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც ჩვენ შორის არსებობს, არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, მე კი ამას გამოვრიცხავ. კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთან,” – განუცხადა “კვირის პალიტრას” ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი