ახალი ამბები

ლეიბორისტები სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ [Video]

7 ნოემბერი, 2011 •
ლეიბორისტები სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ [Video]

ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, “ლეიბორისტული პარტიის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ.

“ლეიბორისტების” განცხადებით, დღევანდელი აქცია თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის “დარბევის და ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა უკანონო ქმედების გამოძახილია.”

საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი როინ ლიპარტელიანი და არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელი დავით ლილუაშვილი. ამ დროისათვის აქციაზე სიტყვით გამოდის “ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

აქციას პარლამენტის წინ 150-მდე ადამიანი ესწრება, მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისა და პირადა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა.

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციის 7 ნოემბერს გამართვის თაობაზე პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს განაცხადა, 10 ოქტომბერს კი “ლეიბორისტებმა” დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში განაცხადი შეიტანეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო აქციის დაგეგმვის მიზნით “ლეიბორისტებმა” თბილისში არაერთი საინფორმაციო ტიპის აქცია გამართეს. “ლეიბორისტებმა”, ასევე, მოამზადეს ვიდეოკლიპი, რომლითაც მოსახლეობას დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ ასეთი ტექსტით მოუწოდებენ:
“დროა, სააკაშვილისა და მისი ბანდის წინააღმდეგ ახალი ტალღა ავაგოროთ! არ ვაპატიოთ ჩვენი ქვეყნის დაშლა–გაყიდვა! არ შევურიგდეთ ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას! არ შევარჩინოთ გაღატაკება და დაყაჩაღება! არ დავთმოთ ფეხქვეშ გათელილი ღირსება! ვისაც სამშობლოსთვის გიძგერთ გული, 7 ნოემბერს დავდგეთ ერთად დაუმორჩილებლობის მიტინგზე, ქვეყნიერების დასანახად!”
“ლეიბორისტები” აცხახდებენ, რომ ანალოგიურ აქციას 23 ნოემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლთანაც გამართავენ.
“ლეიბორისტული პარტიის” მიერ დღეს დაგეგმილ აქციას “სააკაშვილის აქცია” უწოდა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტირის” ჟურნალისტებთან საუბრისას.
“ნათელაშვილი ხალხის ქუჩაში გამოყვანას აპირებს, მაგრამ ეს არ არის ნათელაშვილის თამაში. ეს სააკაშვილის თამაშია და ალბათ ამ აქციაზე “ნაცმოძრაობის” წევრების მობილიზება მოხდება ავტობუსებით… ეს ნათელაშვილის კი არა, სააკაშვილის მიტინგი იქნება, მას უწესო თამაშებით უნდა ჩვენი გაყვანა სამართლებრივი სივრციდან, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ბრძენია და ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები – ყველაფერი კარგად იქნება”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი