ახალი ამბები

ISFED ცესკოში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის “სისტემურ პრობლემაზე” საუბრობს

10 მაისი, 2016 •
ISFED ცესკოში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის “სისტემურ პრობლემაზე” საუბრობს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 10 მაისს, 2011-2015 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური ოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელ პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები შეისწავლა.

“სტატისტიკის შესწავლის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. ცესკოს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური ოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, ზურაბ ხარატიშვილს, რომელიც 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა ცესკოს, ანაზღაურების სახით 320, 271 ლარი აქვს მიღებული. აქედან, თანამდებობრივი სარგო – 168,156 ლარი, პრემია – 82,322, ხოლო სახელფასო დანამატი – 69,793 ლარია. აღნიშნულ პერიოდში, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა, ჯამში, თანამდებობრივი სარგოს 90.5% შეადგინა. რაც შეეხება ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით მას მიღებული აქვს 329, 520.55 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო – 165,123.55 ლარი, პრემია – 66,762 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი – 97,635 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ პრემიებისა და დანამატების გაცემის სისტემა მსგავსია ცესკოს სხვა თანამდებობის პირებისა თუ წევრების შემთხვევაშიც.

“მაგალითად, 2011 წლიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით კირთაძეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 346,869.50 ლარი. პრემია და დანამატი ერთობლივად თანამდებობრივი სარგოს 101.2% არის. 2013 წლის დეკემბრიდან ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გიორგი შარაბიძე დაინიშნა. 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, მას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 218,775.36 ლარი. აქედან პრემიამ და დანამატმა თანამდებობრივი სარგოს 88.5% შეადგინა. ანგარიშში ნაჩვენებია, რომ მსგავსი ტენდენციებით ხასიათდება ცესკოს მდივნისა და დანარჩენი 10 არახელმძღვანელი წევრის ანაზღაურება.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე კარგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში პრემიების და დანამატების განუსაზღვრელი ოდენობებით და პერიოდულობით გაცემა სისტემატიური ხასიათის პრობლემაა. პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება. გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება მათი ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრა, რაც ხელს უშლის საჯარო დაწესებულებაში ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობას. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცესკოს წევრებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების გაცემა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევებში, ადგილი აქვს თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი ან მეტი ოდენობის დანამატების გაცემას. მაშინ, როდესაც ამ პერიოდში ცესკოს წევრები ისედაც გაორმაგებულ ხელფასს იღებენ.

არასაარჩევნო პერიოდში კი ცესკოს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების საერთო ოდენობა, უმეტესწილად, თანამდებობრივი სარგოს 50%-ზე მეტს შეადგენს და რიგ შემთხვევებში, 200%-საც კი აღემატება. ასეთი პრემიების და დანამატების რაოდენობა გაუმართლებლად მაღალია და მათი გაცემის საჭიროება არ არსებობს”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში კონკრეტული რეკომენდაციებია წარმოდგენილი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა; ასევე უნდა განისაზღვროს პრემიის და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით.

“აუცილებელია შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიების და დანამატების ოდენობა, ხოლო საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ უნდა ხდებოდეს დანამატის გაცემა. წახალისებას პრემიების სახით არ უნდა ეძლეოდეს სისტემატური ხასიათი, არამედ დაფუძნებული უნდა იყოს თანამშრომლის განსაკუთრებულ დამსახურებასა და კონკრეტულ საფუძველზე”.

კვლევის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი