ახალი ამბები

ივანიშვილის მოკავშირეები ბურჯანაძესთან და სუბართან თანამშრომლობის შესახებ

7 ნოემბერი, 2011 • • 960
ივანიშვილის მოკავშირეები ბურჯანაძესთან და სუბართან თანამშრომლობის შესახებ
დათო ბერძენიშვილი
დათო ბერძენიშვილი

ბურჯანაძესთან თანამშრომლობა მასთან გაერთიანებას არ ნიშნავს – ასე ააფსებენ “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” ბიძინა ივანიშვილის გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობს.

“განცხადებები და ქმედებები, რაც ქალბატონი ნინოს თაოსნობით განხორციელდა, ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც ჩვენ შორის არსებობს, არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, მე კი ამას გამოვრიცხავ. კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთან,” – განუცხადა “კვირის პალიტრას” ივანიშვილმა.

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ბურჯანაძესთან თანამშრომლობა მასთან გაერთიანებას არ ნიშნავს.

“ჯობია, ქალბატონ ბურჯანაძესა და სხვებთან დაკავშირებით პირადად ივანიშვილს ჰკითხოთ. მან ძალიან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა არ ნიშნავს მასთან გაერთიანებას. მეც ამას ვეთანხმები. რაც გითხარით, ამაზე მეტს ვერაფერს დავამატებ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცაგარეიშვილმა.  

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ივანიშვილს ამ საკითხზე ზუსტი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.  

“რაიმე გადაწყვეტილება ივანიშვილის მხრიდან ბურჯანაძესთან დაკავშირებით მის ნათქვამში არ ჩანს და ჩვენც ვიცით, რომ ჯერ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს. ეს არის სამუშაო პროცესი და მე ვერ ვხედავ ამ სამუშაო პროცესში რაიმე პრობლემას.
ივანიშვილი ძალიან მკვეთრად გამოხატავს მიუღებლობას ბურჯანაძის ქუჩის აქციების მიმართ. ამ თვალსაზრისით ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ბურჯანაძის ბოლო ხანებში განვლილ გზასთან დაკავშირებით  იდენტურია. ამასთანავე, ივანიშვილი წერს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, ვისაც აქვს კვალიფიკაცია, მას შეუძლია ურთიერთობა და ამ კონტექსტში განვიხილავთ ჩვენც ნინო ბურჯანაძეს,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი.  

მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და ბურჯანაძესთან ურთიერთობები სულ სხვა სიბრტყეში განიხილება, პარტიაც სამომავლოდ ამ მიმართულებით ითანამშრომლებს მასთან.

“ივანიშვილს სრულიად ნათლად აქვს გამოკვეთილი, რომ “რესპუბლიკელებსა” და ალასანიას პარტიასთან თანამშორმლობა იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები სულ სხვა სიბრტყეში განიხილება, ნინო ბურჯანაძეც თუ აღმოჩნდება ამ სხვა სიბრტყეში, უპირველეს ყოვლისა, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ჯერ არაფერი მომხდარა,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია “რესპუბლიკელებს” სოზრ სუბართან მომავალი თანამშრომლობა, იმ ფონზე, როდესაც პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მას მაისში ოპოზიციაში მომხდარი დაპირისპირების (“რვიანისა” და “ქართული პარტიის”) პერიოდში “ნაძირალა” უწოდა, ბერძენიშვილი პასუხობს:  

“უსუფაშვილმა უწოდა, იმას ხომ არ უწოდებია?! მას შეეშალა, უსუფაშვილს ხომ არ შეშლია. ძალიან შეეშალა მაშინ სოზარს. ის კონტექსტი, რაც სოზართან დაკავშირებით ბატონ ივანიშვილს აქვს, უკავშირდება სოზარის ომბუდსმენობის პერიოდს. ჩვენ ხშირად გვითქვამს საჯაროდ, რომ სოზარის პოლიტიკური სტარტი  წარუმატებელი იყო და მართლაც მოხვდა ის გაუგებრობაში. როგორც ომბუდსმენი, ის იყო კარგი და ივანიშვილის დამოკიდებულებაც სრულიად გასაგებია. საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის გადაფასება მოუწევს სოზარს, თუ მას სურს ივანიშვილთან, შესაბამისად, “რესპუბლიკელებთან” თანამშრომლობა”.

ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტრევიუში სოზარ სუბართან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სოზარ სუბარმა “ქართული პარტია” დატოვა:

გიორგი ცაგარეიშვილი
გიორგი ცაგარეიშვილი
“სოზარ სუბარმა, როგორც ვიცი, განცხადება უკვე გააკეთა პარტიის დატოვებაზე. ის იყო “ქართული პარტიის” ღერძი. ამიტომ მას მივმართე კითხვით, როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში, რადგან ომბუდსმენობის დროს კარგი იმიჯი ჰქონდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი