ახალი ამბები

სააკაშვილი: “ბოტანიკური ბაღი სხვა სამყარო არ უნდა იყოს”

7 ნოემბერი, 2011 •
სააკაშვილი: “ბოტანიკური ბაღი სხვა სამყარო არ უნდა იყოს”
„ბოტანიკურ ბაღში უფრო მეტი ინტერაქციები უნდა შევქნათ, რათა ხალხს უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეს მის მიმართ. ეს არ უნდა იყოს სხვა სამყარო, აქ უნდა შეიქმნას ბევრი პავილიონი, ინტერაქცია, სათამაშო ელემენტები. მართალია, ეს გასართობი პარკი არ არის, მაგრამ ამის გაკეთება კარგი იქნება ბავშვების ინტერესების და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რათა ბავშვებს ბუნებასთან ურთიერთობა ვასწავლოთ,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერს, თბილისის მერთან ერთად ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს.

საქართველოს პრეზიდენტი კალაუბნის მოსახლეობას გაესაუბრა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მათი აზრიც მოისმინა. ერთ–ერთმა მოსახლემ საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული სამუშაოების სწრაფად დამთავრება სთხოვა.

“კალაუბანში სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მთლიანად გამოიცვალა ინფრასტრუქტურა – წყალსადენი და სანიაღვრე სისტემები, დაიგო ქვაფენილი და დამონტაჟდა გარე განათება. ბოტანიკურის ქუჩაზე ათეულობით სახლის კომპლექსური რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე კალაუბნის ტერიტორიაზე ბარაკების ტიპის სახლების ნაცვლად კაპიტალური ბინები აშენდა. კალაუბნის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება”, –ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი