ორი ადამიანი დაიღუპა გუშინ ღამით ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად. მინდელის სახელობის მაღაროს #4 მომპოვებელ უბანზე საღამოს 10 საათისთის სანგრის ჭერი ჩამოინგრა, რასაც ორი მეშახტე ემსხვერპლა.
კომპანია “საქნახშირის” ტექნიკური დირექტორის, ზაზა გორდეზიანის თქმით, სავარუდოდ, ნგრევა სამთო მასივის შერყევამ გამოიწვია, სამთო დარტყმის გამოვლინების გამო. მისივე თქმით, დანარჩენ სამ უბანში ნახშირის მოპოვებითი სამუშაო შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ტყიბულში სულ ოთხი შახტაა, რომლებიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირის“ საკუთრებაშია 2006 წლიდან.
მინდელის სახელობის მაღაროში ბოლო ორი წლის მანძილზე 10 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული შემთხვევების დროს მეშახტეების დაღუპვის მიზეზი აფეთქებები გახდა, რაც მაღაროში გაზის დაგროვებით იყო გამოწვეული.