ახალი ამბები

“ლეიბორისტები” დაუმორჩილებლობის მიტინგს 7 ნოემბერს გამართავენ

4 ნოემბერი, 2011 • 1110
“ლეიბორისტები” დაუმორჩილებლობის მიტინგს 7 ნოემბერს გამართავენ
7 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ “ლეიბორისტული პარტია” დაუმორჩილებლობის მიტინგის გამართვას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 7 ნოემბერს მასშტაბური აქციის გამართვის თაობაზე პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს განაცხადა, 10 ოქტომბერს კი “ლეიბორისტებმა” დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში განაცხადი შეიტანეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო აქციის დაგეგმვის მიზნით “ლეიბორისტებმა” არა ერთი საინფორმაციო ტიპის აქცია გამართეს თბილისში. “ლეიბორისტებმა”, ასევე, მოამზადეს ვიდეოკლიპი, რომლითაც მოსახლეობას 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ ასეთი ტექსტით მოუწოდებენ:
“დროა სააკაშვილისა და მისი ბანდის წინააღმდეგ ახალი ტალღა ავაგოროთ! არ ვაპატიოთ ჩვენი ქვეყნის დაშლა–გაყიდვა! არ შევურიგდეთ ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას! არ შევარჩინოთ გაღატაკება და დაყაჩაღება! არ დავთმოთ ფეხქვეშ გათელილი ღირსება! ვისაც სამშობლოსთვის გიძგერთ გული, 7 ნოემბერს დავდგეთ ერთად დაუმორჩილებლობის მიტინგზე, ქვეყნიერების დასანახად!”
შალვა ნათელაშვილის თქმით, საპროტესტო აქცია არ იქნება ვიწროპარტიული და ის ყველასთვის თავისუფალია, თუმცა ჯერ უცნობია, შეუერთდებიან თუ არა “ლეიბორისტების” აქციას 7 ნოემბერს სხვა ოპოზიციური ძალები.
“ლეიბორისტების” ფეისბუქის გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ მათ აქციას უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ჩვენი უფლებებისთვის”:
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ჟურნალისტების მიმართ. აქედან გამომდინარე, 7 ნოემბერს პარლამენტთან აუცილებლად მივალთ და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ტირანიისა და ჩაგრვის წინააღმდეგ ჩვენი პროტესტი ერთად გამოვხატოთ”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
“ლეიბორისტები” აცხახდებენ, რომ ანალოგიური აქცია 23 ნოემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლთანაც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი