ახალი ამბები

“ერთად ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ”

4 ნოემბერი, 2011 •
“ერთად ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ”

ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 9 ნოემბერს, თბილისშიც გამოეხმაურებიან.

ახალგაზრდული ასოციაცია “დრონის” ორგანიზებით ამ დღეს, 13:30 საათზე, თბილისში, სპორტ-კომპლექსში „ქარიშხალა“ საფეხბურთო მატჩი გაიმართება. მატჩში საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის მქონე ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, კერძოდ, წარმოდგენილნი იქნებიან: აფრიკის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ქურთების, აისორების, ჩეჩნეთის და ქართული ნაციონალური გუნდები, ასევე, მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მატჩის დამთავრების შემდეგ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ბენდი “Scratch the floor” და მუსიკოსი შოთა ადამაშვილი. ამასთან, ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები რასიზმისა და დისკრიმინაციიის შესახებ, ასევე, შედგება ნამუშევრების გამოფენა, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობას მიიღებს 15 ბავშვი დღის ცენტრიდან „ცისარტყელა“.

“რასიზმი , დისკრიმინაცია და ანტისემიტიზმი აშორებს და ნაწილებად ყოფს საზოგადოებას, ჩვენ კი ამ ღონისძიებით გვსურს, იგი უფრო ერთსულოვანი გავხადოთ”, – ნათქვამია პრეს–რელიზში, რომელსც ასოციაცია “დრონი” ავრცელებს.

აქცია სახელწოდებით – “ერთად ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ – გამოხატე შენი აზრი!” მხარს უჭერენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: UNITED Against Racism, „ალტლაიფ სტუდიო“, ევროპის საკონსულოს საინფორმაციო ოფისი, FARE, Free Caucasus, , საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი