ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გორში სტალინის მუზეუმთან მისი მომხრეები იკრიბებიან

9 მაისი, 2016 • 1699
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გორში სტალინის მუზეუმთან მისი მომხრეები იკრიბებიან

გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში ამ დროისთვის მისი რამდენიმე მომხრეა შეკრებილი. აქ, სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის გეგმავენ ადგილობრივი სტალინელები და კომუნისტები მანიფესტაციის გამართვას, თუმცა დეტალები უცნობია.

სტალინის მომხრეები გორში. 9.05.2016. გორში სტალინის მუზეუმის ეზოში. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

სტალინის მომხრეები გორში. 9.05.2016. გორში სტალინის მუზეუმის ეზოში. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

სტალინის მუზეუმიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს საბრძოლო დიდების მემორიალი, სადაც შეკრებილი არიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. მათ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მიულოცეს გორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მათ შორის იყო ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.

ომის ვეტერანები გორში. 9.05.2016. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ომის ვეტერანები გორში. 9.05.2016. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ომის ვეტერანები გორში. 9.05.2016. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ომის ვეტერანები გორში. 9.05.2016. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

დღესვე გორში, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება ევროპის დღეების ფარგლებში.

„ჩვენი კამპანიით ვამბობთ, რომ პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 9 მაისს ვხედავთ მათ აქტივობებს წითელი დროშების თანხლებით, მიგვაჩნია, რომ ეს თავს მოხვეული ინიციატივაა, რომელიც საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს. გვჯერა, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება ყველა პოლიტიკური ძალისა თუ პროფესიის წარმომადგენელს აერთიანებს. ჩვენი კამპანიაც სწორედ ამ იდეის ხორცშესხმაა – ჩვენ უარს ვეუბნებით ტოტალიტარულ რეჟიმებს და ვირჩევთ პროგრესს,“– ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

დღეს, 12:00 საათზე ამ კამპანიის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში ბონდო კუპატაძე წარსდგება მოხსენებით – „ტოტალიტარიზმის პოლიტიკური ასპექტები“. ხოლო 
19:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ გაიმართება აქცია/კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ბენდები: LOUDspeakers,Vanilla Cage,  „დაგდაგანი“ და „კანუდოსი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი