საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ რუსული მხარე დათანხმდა შვეიცარიის შეთავაზებულ და საქართველოს მიერ დამტკიცებულ პირობებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.
რუსული გამოცემა gazeta.ru აქვეყნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეთანხმებას საქართველო და რუსეთი ხელს 10 ნოემბრამდე მოაწერენ.
სერგი კაპანაძის თქმით, მან საქართველოს მიერ წამოყენებულ პირობაზე რუსეთის დათანხმების შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თანახმაა შეიქმნას საქართველო-რუსეთის საზღვრებს შორის ტვირთბრუნვის კონტროლის ორკომპონენტიანი მექანიზმი. ამ საზღვრებს შორის, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის– საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან, ასევე ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი.
ტვირთბრუნვის ორკომპონენტიანი კონტროლის მექანიზმი გულისხმობს ტვრითების მიმოსვლის როგორც ელექტრონულ კონტროლს, ისე საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგის მისიის განთავსებას.
ჟენევაში სამუშაო ჯგუფის გამგზავრებამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზისდენტი სწორედ ამ ჯგუფის წევრებს – სერგი კაპანაძესა და თამარ კოვზირიძეს შეხვდა, რა დროსაც მან ისაუბრა რუსეთისთვის საქართველოს მიერ შეთავაზებული პირობების მნიშვნელობაზე.
„ბოლო 17-18 წლის განმავლობაში, 1992 წლის შემდეგ, გვაქვს იმ ტვირთბრუნვის მონიტორინგის, გაკონტროლების პრობლემა, რომელიც კვეთს საქართველოს საზღვრებს და მოძრაობს საქართველოს შიგნით. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ამ ტვირთის გაკონტროლების სურვილი უშუალოდ, ან საერთაშორისო მონიტორების მეშვეობით. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სწორედ ამას არეგულირებს და ასეთი იყო ჩვენი წინადადებაც რუსეთისადმი. ღია აგრესიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გართულდა, მაგრამ თქვენი ერთობლივი ძალისხმევისა და მოლაპარაკებების ძალზე რთული პროცესის შედეგად, ამ პოზიციას ისევ დავუბრუნდით – საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ უნდა განხორციელდეს ყველა იმ ტვირთის მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მიმართულებით და საქართველოს შიგნით მოძრაობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა მომლაპარაკებელთა ჯგუფის ქართველ წევრებს და შეიცარიას, როგორც შუამავალ მხარეს.
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ამისთვის მას ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება, ბოლო დრომდე კი მას მხოლოდ საქართველოს დასტური აკლდა. თავის მხრივ, საქართველო აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებათა პროცესიდან 2008 წელს აპრილში მას შემდეგ გამოვიდა, რაც რუსეთმა საქართველოს არაღიარებულ რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს– ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. ეს ურთიერთობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე აღდგა, მაგრამ მხოლოდ შუამავალი სახელმწიფოს – შვეიცარიის მეშვეობით.