საქართველოს ევროკაშვირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საერთო კონსესუსია საქართველოს პოლიტიკური სპექტრსა და მთლიანად მოსახლეობაში იმის თაობაზე, რომ მათ სურთ ევროკავშირთან დააახლოება.
ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ის შეკითხვაზე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ საქართველომ სავიზო ლიბერალიზაცია მიიღოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შეუძლია თუ არა ამ ერთ პოლიტიკურ ძალას მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ამ პროცესზე? – ჰერმანმა უპასუხა:
“უპირველეს ყოვლისა, შემიძლია გითხრათ, რომ მე ვიცი ჩემი პირადი კონტაქტებიდან – “ნაციონალური მოძრაობიდან”, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მათთან კონტაქტები და მათთან ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ზოგად ურთიერთობებზე, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, არის მკაფიო განცხადებები, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ემხრობა სავიზო ლიბერალიზაციას არჩევნებამდე. მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, ასეთი განცხადებებია “ნაციონალური მოძრაობიდან”.
უფრო მეტიც, ამ საკითხზე არის საერთო კონსესუსი მთელ პოლიტიკურ სპექტრში, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ასეთი თანხმობა. ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები იწვევს კონსესუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის საქართველოში”.
კითხვის მეორე ნაწილზე კი იანოშ ჰერმანმა ასეთი პასუხი გასცა:
“კითხვის მეორე ნაწილი, ალბათ, იმ დებატებს ეხება, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტებში გვაქვს ამ საკითხზე, ევროკავშირში დემოკრატიაა, 28 დემოკრატიული სახელმწიფო შედის და, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინსტიტუტები აქვს. არის ევროპარლამენტი, სადაც 700-ზე მეტი წევრია და, რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული დებატები ამ საკითხებზე და მართალია, რომ ამ დებატებზე გავლენას ახდენს სხვადასხვა მოსაზრებები, მოსაზრებები, რომლებიც მოდის სხვადასხვა წყაროდან. მაგრამ ევროპარლამენტის წევრები გადაყვეტილებას იღებენ საკუთარი მრწამსის შესაბამსად და ევროკავშირის სახელმწიფოებიც ასე იღებენ გადაწყვეტილებას. მე არა მგონია, რომ რამე კონკრეტულმა ცალკეულმა ფაქტორმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. კონსესუსი ქართულ პარტიებს შორის ამ საკითხზე არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს ევროკავშირთან დაახლოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნამდვილად მყარი საფუძველია ჩვენი თანამშროლობისთვის, ეს საფუძველია საქართველოს მოსახლეობის სურვილი. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას”.
საქართველო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციას ზაფხულისთვის ელოდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ მოხდეს ამ პროცესის გადავადება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ოფიციალურად რაიმე ცვლილება ამ პროცესში არ განხორციელებულა.
სავიზო ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი, უვიზოდ შეეძლებათ შენგენის ზონაში გადაადგილება და მოგზაურობა.