ახალი ამბები

როგორ დაეხმარა ივანიშვილი სააკაშვილს

2 ნოემბერი, 2011 • 2219
როგორ დაეხმარა ივანიშვილი სააკაშვილს
პრეზიდენტი საჩხერეში დახურული აუზის გახსნაზე
პრეზიდენტი საჩხერეში დახურული აუზის გახსნაზე
ობიექტების უმრავლესობა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ხსნიდნენ ხოლმე საზეიმო ვითარებაში, როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით იყო აშენებული და რესტავრირებული. ბოლოს ერთ–ერთი ასეთი პროექტის პრეზენტაცია პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 ოქტომბერს სოფელ მოწამეთაში მოაწყო.

მოწამეთაში წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის რესტავრაციისთვის “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა” (რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა) 30 325 ლარი გადაიხადა.

“ეს ტაძარი ბაგრატ მესამემ ააგო თავის დროზე ორი გმირი ქართველის – დავითის და კონსტანტინეს სახელზე, რომლებიც დაიღუპნენ იმდროინდელ პუტინთან – მურვან ყრუსთან ბრძოლაში და შემდეგ ბაგრატ მესამემ მათ სახელზე ააგო ეს ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც შემდეგ კომუნისტებმა გასულ საუკუნეში გაასწორეს მიწასთან, მაქსიმალურად აბუჩად აიგდეს, დასცინეს ამ წმინდა ნაწილებს, ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ორი წლის წინ დიდი რესტავრაციის ჩატარება და დიდი ტაძრის აღდგენა. იცით, რომ ასობით ეკლესია საქართველოში აღდგა, მაგრამ ეს ტაძარი განსაკუთრებული სილამაზისაა. ორი წელი მიმდინარეობდა ამ ტაძრის რესტავრაცია და, ბოლოს და ბოლოს, დაგვიდგა ეს ლამაზი დღე, რომ ეს დღესასწაული აღვნიშნოთ ჩვენს ძალიან განახლებულ ტაძარში,” – ეს სიტყვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წლის 15 ოქტომბერს, დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის გახსნისას წარმოთქვა.

ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი გახსნა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის ოქტომბერში. იმ დროს გელათის რესტავრირებული სამონასტრო კომპლექსი პატრიარქმა და პრეზიდენტმა ერთობლივად გახსნეს. მაშინ საინფორმაციო საშუალებებში აცხადებდნენ, რომ პროექტის განხორციელება კლუტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინიციატივით დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის ივანიშვილის ფონდმა მხოლოდ პირველ ეტაპზე, 2009 წელს, 200 ათასზე მეტი ლარი გაიღო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის გარდა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა სხვადასხვა გასართობი ცენტრის მშენებლობა-განახლებისთვის. ერთ-ერთი მსგავსი ობიექტია ბათუმის დელფინარიუმი.

”ამ დღეს მოვესწარ ველოდი, ვიცინი აღარ ვტირი მე, რახან გვეღირსა ამ დელფინარიუმის გახსნა, მარა ძაან მაგარია,” – ამ სიტყვებით გახსნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში დელფინარიუმი 2011 წლის 6 მაისს, რომლის მშენებლობაც ბიძინა ივანიშვილს 4 525 000 ლარი დაუჯდა.

აჭარის რევოლუციის 7 წლისთავზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის დელფინარიუმი ოჯახთან ერთად გახსნა. წლების მანძილზე, დელფინარიუმის გარდა, ხელისუფლებამ ათეულობით ობიექტი გახსნა, რა დროსაც მის მთავარ დამფინანსებელზე არავინ საუბრობდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ მთელი რიგი პროექტებისა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულია.

დელფინარიუმის მსგავსად, ერთ-ერთი პროექტი, რომლის გახსნასაც 2010 წლის ივნისში ხელისუფლებამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა, თბილისში, ვაკეში, ახლადაშენებული ფრანგული სკოლაა. მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სკოლა საფრანგეთის ხელისუფლებამ ააშენა, თუმცა მისი აშენება ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ფრანგული სკოლის გახსნაში მონაწილეობა, საფრანგეთის ელჩის გარდა, მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

”ეს არის პირველი სკოლა, რომელიც გაიხსნა უცხოეთის მთავრობის დახმარებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ძალიან ცალსახა და მკვეთრი მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ საფრანგეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს, მხარს უჭერს სტაბილურობას, დემოკრტიას. ეს არის ჩვენი სტაბილურობის სიმბოლო,” – განაცხადა სკოლის გახნაზე დიმიტრი შაშკინმა.

მიხეილ სააკაშვილმა სკოლის გახსნისას კი პირველკლასელობა ინატრა: ”ეს არის პირველი ასეთი სკოლა, რომელიც იქნება საქართველოში. შემიძლია, რაც მინახავს იმაზე დაფუძნებით ვთქვა, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ასეთი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ეს არის პირველი სკოლა ასეთი. აი, ასეთი რომ გექნება საქართველოში ერთი სამასი-ოთხასი  და რამდენიმე ათასი ამასთან მიახლოებული, მაშინ ვიტყვით, რომ განათლების დონით, ევროპული განათლებით, ჩვენ გავედით ევროპული ქვეყნების დონეზე, სინგაპურის დონეზე, რომელსაც განათლების სფეროში აუცილებლად უნდა მივბაძოთ და საქართველოს მართლა აქვს ძალიან მაგარი მომავალი. მაგრამ მთავარია, დაიწყო და მერე წავა ყველაფერი ძალიან ადვილად. ვნანობ, რომ არა ვარ ახლა 5 წლის, რომ შაშკინის ახალი წესებით შევიდე ამ სკოლის პირველ კლასში, იმიტომ, რომ ნამდვილად ბევრად უკეთესი სწავლაც მექნებოდა და რევოლუციამდელი ბავშვებიც სხვანაირები ვიყავით.”

ხელისუფლების მიერ “რუსულ პროექტად” წოდებული ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული პროექტების გახსნა ხელისუფლებას ამით არ დაუსრულებია.  2011  წლის აპრილში პრეზიდენტმა ქალაქ საჩხერეში დახურული საცურაო აუზი გახსნა, ასევე, ამ დღეს გაიხსნა სოფ. არგვეთში განახლებული წყალსადენი.

ბიძინა ივანიშვილის ფონდს დახურული აუზის მშენებლობა საჩხერეში 2009-10 წლებში, ჯამში, 2 302 100 ლარი დაუჯდა, საჩხერის წყალკანალის მშენებლობისთვის კი ბიზნესმენის ფონდიდან 2010 წელს 1 140 000 ლარი დაიხარჯა.

ბიზნესმენის მიერ 2005-2010 წლებში საქართელოში ქველმოქმედებისთვის დახარჯული მილიარდამდე ლარიდან 2 640 100 ლარი დაიხარჯა 2009-10 წლებში ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციისთვის. ობიექტი წინამორბედი პროექტების მსგავსად კვლავ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა 2011 წლის ივნისში. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი, ნიკა რურუაც ესწრებოდა. ასევე, 2011 წლის ივნისში გახსნა პრეზიდენტმა სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებაში არსებული ეროვნული გალერეაც (”ცისფერი გალერეა). რეაბილიტაციის შემდეგ ეროვნულ გალერეაში 7 საექსპოზიციო დარბაზი შეიქმნა.

“ეს მუზეუმი იყო დამწვარი. ეს იყო სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მსხვერპლი და მისი განახლება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო იმისა, რომ საქართველო აღარასოდეს აღარ უნდა დაბრუნდეს არც სამოქალაქო ომის ორომტრიალში, არც რაიმე სახის არეულობებში, არც რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, აღარასოდეს არ უნდა ასცდეს თავის ცივილიაზაციის, კულტურის და დემოკრატიის განვითარების ისტორიულ გზას ამ ყველაფრის განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე” – ასე შეაფასა განახლებული ეროვნული გალერეის მნიშვნელობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნის დღეს, 2011 წლის 5 ივნისს.

2005–10 წლებში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდებიდან საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა სახის პროექტისთვის 966 897 320.12 ლარი დაიხარჯა, აქედან 2005 წელს – 82 020 017,48 ლარი, 2006–ში –  257 282 888,09 ლარი, 2007 წელს – 184 734 569 ლარი, 2008–ში – 174 421 998,95 ლარი, 2009 წელს – 129 732 300,8 ლარი და 2010 წელს – 138 705 545, 8 ლარი.

აღნიშნული თანხით ივანიშვილის ფონდებიდან ფინანსდებოდა ისეთი პროექტები, როფორიცაა– გზებისა და ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაცია, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია, საქართველოს საჯარო სკოლების უზრუნველყოფა კომპიუტერული ტექნიკით, საქართველოს სპორტის სხვადასხვა ფედერაციების დაფინანსება, კულტურული და რელიგიური ძეგლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, მიწისძვრით დაზარალებულთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინების მშენებლობა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი