კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლები დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდნენ და გააცნეს თავიანთი კანონპროექტები მოსმენების სისტემის შესაცვლელად.
უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან “ეს შენ გეხებას” მიერ წარმოდგენილ სამ კანონპროექტზე ისაუბრა.
„ერთი მათგანი ეხება უშიშროების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს. ეს ის საკითხია, რომელზეც პარლამენტმა თავად გამოთქვა სურვილი, მზაობა, რომ ეს უნდა გაკეთდეს. როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო უშიშროების სამსახური, იქვე ვთქვით, რომ ეს გამოყოფა არის პირველი ნაბიჯი რეფორმის, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები, როგორც შიდასტრუქტურული გაუმჯობესება და დახვეწა, ისე საპარლამენტო ზედამხედველობის კონტროლის მექანიზმების გაზრდა.
მეორე საკითხი ეხება მოსმენების თემას, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც კანონშია, დაკარგავს ძალას და პარლამენტი, უბრალოდ, ვალდებული ვართ, მივიღოთ შესაბამისი ზომები. წარმოდგენილია ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ვერსია. არ ვიცი, ეს არის საუკეთესო ვერსია, თუ შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, მაგრამ ამაზეც მუშაობა დასაწყებია.
რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხი. ვთვლი, რომ ეს არის საინტერესო, მაგრამ უფრო რთული და კარგად შესასწავლი თემა, რადგან ეს ეხება სამართალდამცავ სისტემას და ზოგადადაც, მგონია, რომ ასეთ რეფორმას სჭირდება გაცილებით მეტი და მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს მიმავალ პარლამენტს. ვთხოვე ავტორებს, რომ მეტი მასალა მომაწოდონ, რომ გავეცნო უფრო კარგად,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კამპანია “ეს შენ გეხება” აცხადებს, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილებით არის ნაკარნახევი.
“ახლა არის დრო იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელობანი ცვლილებები გაკეთდეს ქვეყნისთვის და ამ ადამიანებს აქვთ შანსი, მე ვიტყოდი, ისტორიული შანსიც, რომ წვლილი შეიტანონ ფუნდამენტურ გარდატეხაში თავიანთი ქვეყნისთვის,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კამპანია “ეს შენ გეხებამ” ფარული მიყურადების ახლებური სისტემის შესაქმნელად 28 აპრილს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რაც ითვალისწინებს სამი ახალი უწყების – თვალთვალის სპეციალური სააგენტოს, საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოსა და დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის შექმნას.
თვალთვალის სპეციალური სააგენტო
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას თვალთვალის სპეციალური სააგენტო, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო იქნება. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს ფუნქცია ჩამოერთმევა.
ამავდროულად, თვალთვალის სპეციალურ სააგენტოს არ ექნება საგამოძიებო ფუნქციები და ის იქნება მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი საგამოძიებო ორგანოებისთვის.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც “ეს შენ გეხებას” შეხვედრაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა, ლიკა საჯაიამ წარმოადგინა, სააგენტო დამოუკიდებელი ორგანო იქნება.
სააგენტო უფლებამოსილი იქნება, რომ ელექტრონული თვალთვალის განსახორციელებლად, ჰქონდეს კავშირგაბმულობის ხაზებიდან, ბაზებიდან და ა.შ. ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა. მას შეეძლება, რომ მონაცემები მოიპოვოს სასამართლოს განჩინებით, ან განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.
სააგენტო ვალდებული იქნება, რომ აღრიცხოს ინფორმაციის ყოველი მოპოვების დაწყებისა და დასასრულის, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის გადაცემისა თუ განადგურების ფაქტი.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს უფროსად ვერ დაინიშნება პირი, თუკი ის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ან უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მუშაობდა. სააგენტოს უფროსის კანდიდატურებს 9 ადამიანისგან შემდგარი საკონკურსო კომისია ირჩევს, საბოლოოდ, ამ თანამდებობაზე არჩევა პარლამენტის შემადგენლობით 3/5-ით ხდება.
სააგენტოს უფროსი 7 წლის ვადით ინიშნება. კანონპროექტის თანახმად, თვალთვალის სპეციალურ სააგენტოზე კონტროლს განახორციელებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საპარლამენტო ზედამხედველობის საბჭო, რომლის შექმნაც ასევე არის გათვალისწინებული “ეს შენ გეხებას” მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით.
საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო
ახალი საპარლამენტო ორგანო, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად უნდა შეიქმნას, საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოა.
EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე, რომელმაც შეხვედრაზე კანომპროექტის დეტალებზე ისაუბრა, ამობს, რომ სწორედ საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, ასევე თვალთვალის სპეციალურ სააგენტოზე, რომელიც კონკრეტულ სერვისს მიაწვდის უსაფრთხოების სამსახურს.
სპეციალური საზედამედველო საბჭო იქნება დაკომპლექტებული 3 პარლამენტარის ( საპარლამენტო უმრავლესობის 2 წევრი და უმრავლესობის მიღმა დარჩენილი 1 წევრი) და 2 – პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრისგან.
მისივე განმარტებით, საბჭოს ექნება შეუზღუდავი წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, რათა შეძლოს უსაფრთხოების სამსახურებზე კონტროლის განხორციელება. მას ასევე შეეძლება, რომ რეალურ დროში დააკვირდეს სამსახურის საქმიანობას და დასვას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი.
კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებულია სუს-ის რეფორმაც. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურს აღარ ექნება საგამოძიებო უფლებამოსილება და ისიც დაექვემდებარება საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს კონტროლს:
“ეს გულისხმობს იმას, რომ სამსახური ვერ გამოიძიებს როგორც მთლიან საქმეს, ისე არ შეეძლება განახორციელოს ერთი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება. ასევე, განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების მექანიზმები პარლამეტის წინაშე, სამსახურის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის დაშვებას საპარლამენტო საბჭოს წევრებზე, ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ მოხდეს გათვალისწინება იმ რეკომენდაციებისა, რომლებიც შეიმუშავა საპარლამენტო საბჭომ,”- ამბობს ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კვლავ დარჩება ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ფუნქციები:
“თვალთვალის სპეციალური სააგენტო არავითარ ანალიზს არ აკეთებს, არავითარ შესწავლას საქმეებისა და ინფორმაციების, სააგენტო არის მხოლოდ სერვისის მომწოდებელი ორგანო. სააგენტო კონკრეტულ სუბიექტზე, კონკრეტული პერიოდით ახორციელებს მოსმენას თუ სხვა ღონისძიებას და მიაწვდის ამ ღონისძიებას იმ ორგანოს, რომელმაც მოითხოვა ამ უფლებამოსილების განხორციელება. სააგენტო არავითარ რისკების შესწავლას ან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს არ აკეთებს. უსაფრთხოების სამსახური კვლავ იქნება პასუხისმგებელი უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, ის მოიძიებს ინფორმაციას, დაამუშავებს, შეისწავლის, მოახდენს იმ რისკების აღმოჩენას და პრევენციას, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას,”- განმარტავს გურამ იმნაძე.
რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ გამოძიებს კონკრეტულ, იმნაძის განმარტებით, როდესაც უსაფრთხოების სამსახური თავისი საქმიანობის ფარგლებში აღმოაჩენს დანაშაულის ნიშნებს, ამ ინფორმაციას ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწვდის. თუმცა, თუკი უსაფრთხოების სამსახურები აღმოაჩენენ კონკრეტულ სამართალდამცავ სისტემაში არსებულ დანაშაულს, ამას გამოიძიებს არა შსს, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის შექმნის აუცილებლობაზეც არასამთავრობოთა ნაწილი უკვე დიდი ხანია საუბრობს.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი
კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას მთავრობისგან, მათ შორის, პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მის ხელმძღვანელს პირობითად კომისარი ერქმევა და 7 წლის ვადით აირჩევა.
ამ კანონპროექტის შესახებ 28 აპრილის შეხვედრაზე OSGF–ის ადამიანის უფლებათა კოორდინატორმა, გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა.
კომისრის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა 3/5–ის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც იქნება საჭირო. ბურჯანაძის განცხადებით, მის ასარჩევად აუცილებელი იქნება საპარლამენტი უმცირესობის მონაწილეობა და გამორიცხული იქნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღება.
ამ მოდელის თანახმად, კომისარი პარლამეტს მოხსენებას წელიწადში ორჯერ წარუდგენს. ხოლო თუკი პარლამენტის წევრთა მხრიდან მოთხოვნა იქნება, ეს შეიძლება უფრო მეტჯერაც მოხდეს.
კანონპროექტის თანახმად, კომისრის ოფისს უნდა ჰქონდეს გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის ფუნქციები.
რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იურისდიქციას, ის მოიცავს არა მხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიებას, არამედ იმ დანაშაულების გამოძებასაც, სადაც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. კერძოდ, კანონპროექტით, დამოუკიდებელ მექანიზმს უნდა ჰქონდეს დევნისა და გამოძიების უფლებამოსილება მაშინ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტის დასაბუთებული ვარაუდი, რომლის მიხედვით, გამოძიებას ობიექტურად ვერ წარმართავს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სტრუქტურა.