დღეს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით ”ჩვენ 99% ვართ”. აქციის ფარგლებში 15 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ტერორს, ეკონომიკურ წნეხსა და უსამართლობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების 99%–ის წინააღმდეგ.
აქციის ორგანიზატორები და მოქალაქეები სხვადასხვა პრობლემას აპროტესტებდნენ, რომელიც განათლების სისტემას, სამართალს, ეკონომიკას და სოციალური დაუცველობის საკითხებს უკავშირდება.
”ქართული საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად, ერთ მხარეს დგას მოქალაქეების 99%, რომელთა წინაშე გაჩენილი პრობლემები უყურადღებოდაა დატოვებული. ჩვენ 99% ვართ და არ უნდა დავუშვათ, ჩვენი ინტერესები ერთმა პროცენტმა შეიწიროს”_ეს მთავარი მესიჯი მუსირებდა აქციის მიმდინარეობის დროს.
”თავისუფალ ასოციაციათა კავშირი”, ”სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის” , ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის”, ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა” , ”ვეტერანები ვეტერანებისათვის” , ”ბინათმოსარგებლეების უფლებათა დაცვის ასოციაცია”
”მაუდის წვრილ აქციონერთა ასოციაცია” , ”დედა ენა” , ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია” , ”ტურისტული განვითარების ახალგაზრდული კლუბი” , ”საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია” , ”თვითმმართველობის ინსტიტუტი” , ”თბილისელი უსახლკაროები სახლკარისათვის” , ”გარე მოვაჭრეთა ლიგა”, ”თავისუფალ მოვაჭრეთა ასოციაცია” – ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ”ჩვენ 99% ვართ” ლოზუნგით გაერთიანდნენ. ისინი მომავალშიც აპირებენ აქტიურობას.