ახალი ამბები

დაკავებულია თუ არა ხობის რაიონის გამგებელი

31 ოქტომბერი, 2011 • • 1529
დაკავებულია თუ არა ხობის რაიონის გამგებელი

ხობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა  ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ხობის რაიონის გამგებელი იგორ ტყებუჩავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარაკევს, 28 ოქტომბერს, გამგეობის წინ შენობიდან გამოსვლის დროს დააკავეს. მის დაკავებას ხობის მცოხვრებთა ნაწილიც შეესწრო.

ხობის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი გაწერელია ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ”ამ საკითხზე არაფერი არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს სამსახურში არ გამოჩენილა,”- განუცხადა გამგებლის მოადგილემ ნეტგაზეთს. ინფორმაცია გამგებლის მეორე მოადგილემ, ლარა ჩემიამაც არ დაასტურა. მისი თქმით, ბოლოს მან იგორ ტყებუჩავა პარასკევს, სამუშაო დღის ბოლოს ნახა, გამგებელი კი დღეს, ორშაბათს, 31 ოქტომბერს, სამსახურში არ გამოჩენილა. როგორც ლარა ჩემია ამბობს, ამბის გასარკვევად ჯერ არ შეხმიანებია გამგებლის ოჯახს, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

წყარომ, რომელსაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ხობის გამგეობის თანამშრომლები გამგებლის დაკავების დეტალებისა და მიზეზის  გაგებას მისი ოჯახის მეშვეობით შეეცადნენ, თუმცა მათ ზარებს არავინ უპასუხა. ჩვენ დავრეკეთ გამგებლის პირად მობილურ ტელეფონზე, მაგრამ ნომერი გამორთულია, სახლის ტელეფონს კი არავინ პასუხობს.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურთანაც შეეცადა, თუმცა შსს-ს პრესსამსახურისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები სატელეფონო ზარებს, ჯერეჯრობით, არ პასუხობენ. იუსტიციის სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა იოსავა კი დაგვპირდა, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და თუ გამგებელი დაკავებულია, გაარკვევს, რა გახდა ამის მიზეზი და აღძრულია თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

ნეტგაზეთის წყაროს ცნობით, წლების განმავლობაში ხობის რაიონის გამგებლებს სამსახურეობრივი საქმიანობის გამო პრობლემები სამართალდამცავებთან არაერთხელ შექმნიათ. მაგალითად, სამართალდამცავები იძიებდნენ იგორ ტყებუჩავას წინამორბედის – რობერტ გვიჩიას საქმეს, რომელიც დაკითხვის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისულეს. ოფიციალურად მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გვიჩია თანამდებობაზე 2006-2009 წლებში მუშაობდა. იგორ ტყებუჩავა კი ხობის რაიონის გამგებლის პოსტს სწორედ 2009 წლიდან იკავებს.

წლების წინ დააკავეს უკვე ყოფილი გამგებელი – ანგული მიქავა, რომელმაც სასჯელიც კი მოიხადა. კანონთან შექმნილი პრობლემების გამო ჯერ კიდევ ”ვარდების რევოლუციამდე” დააკავეს ხობის ერთ-ერთი გამგებელი თემური გერგაია.

ხობის ამჟამინდელი გამგებლის, იგორ ტყებუჩავას შესახებ მიღებულ ახალ ინფორმაციას ნეტგაზეთი დაუყონებლივ მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი