ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთს შეთანხმების დასრულებისკენ მოუწოდებს

28 ოქტომბერი, 2011 • • 1089
ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთს შეთანხმების დასრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი-საქართველო
ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირი რუსეთის მსო–ში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმების აუცილებლობას მიესალმება და ორივე მხარეს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში დაასრულონ შეთანხმებების მიღწევის პროცესი.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში არის ნათქვამი.

“კმაყოფილებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი და საქართველო ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, რაც ჩვენი აზრით, ძალზე სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას შვეიცარიის შუამდგომლობით მიმდინარე  ძალისხმევას, რომლის წყალობით  საკითხის დადებითად გადაჭრის შესაძლებლობა გაჩნდა. ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება წელს ვმო–ს მინისტერიალზე იქნება მიღებული. მოვუწოდებთ მხარეებს, უახლოესი დღეების განმავლობაში დაასრულონ შეთანხმების მიღწევის პროცესი,” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქართული დელეგაცია დათანხმდა შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს რუსეთის მსო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“27 ოქტომბერს შვეიცარიაში, ჟენევაში, შედგა შეთანხმება შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც ამ ქვეყანამ, როგორც მედიატორმა, შესთავაზა რუსეთსა და საქართველოს. ამ შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქართველო–რუსეთის ოფიციალურ  და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც აქამდე არ ხდებოდა. ეს მონიტორინგი განხორციელებული იქნება  საერთაშორისო მონიტორების მიერ.

აგრეთვე, მიღწეულ იქნა შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაცვლა,” – განაცხადა გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი