ახალი ამბები

ძიძიგური: ბავშვებს აქვთ უფლება, მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები – კაცები

5 მაისი, 2016 •
ძიძიგური: ბავშვებს აქვთ უფლება, მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები – კაცები

საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს შესწორება და ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი. სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ჰომოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა:

“ბავშვებს აქვთ უფლება, რომ მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები – კაცები. ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების უფლებები. აუცილებელია ეს მსოფლიოში, სადაც შექმნილია პეპლების, ხვლიკების, ჭიანჭველების დაცვის საზოგადოება – მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენი შვილების უფლებებზე. საქართველოში ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ეს ჩანაწერი, მიმაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის ვიცესპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით კი, თუ ეს ცვლილება ვერ განხორციელდა პარლამენტის უმრავლეობის მხარდაჭერით, მაშინ უმჯობესი იქნება საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს.

“ქართულ ოცნების” მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”

ამ საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირებას ხელი ოთხმოცმა დეპუტატმა მოაწერა. რესპუბლიკური პარტიის ფრაქციამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა პარტიის ორმა დეპუტატმა ინდივიდიულურ რეჟიმში ხმა მისცა ინიცირებას. ინიცირებას მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთმა დეპუტატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი