“ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება- „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“- კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს”, – ასე შეაფასა ევროპის საბჭოში მიღებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ, 5 მაისის სხდომაზე.
კვირიკაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება “ძალიან ნათლად მიუთითებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე და იმ ქვეყანას, რომელიც ამ ტერიტორიების ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს, ანუ რუსეთის ფედერაციას, პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით, ასევე საკუთრების უფლებები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ა.შ.”
„ეს, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და ამ მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელიას მადლობა გადაუხადა.
2016 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიში – “კონფლიქტი საქართველოში”. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით.