საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელბი ხელფასებს ”ქართუ ბანკის” ნაცვლად ამიერიდან ”ლიბერთი ბანკში” აიღებენ. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯუმბერ ლომინაძემ დაუდასტურა.
ჯუმბერ ლომინაძის თქმით, მან არ იცის, რა გახდა სახელფასო ბარათების სხვა ბანკში გადატანის მიზეზი. მისი თქმით, ეს საკითხი აკადემიის ბუღალტერიაში უნდა გაგვერკვია, თუმცა ”ნეტგაზეთმა” ბუღალტერიასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
ჯუმბერ ლომინაძემ “ნეტგაზეთს” ასევე უთხრა, რომ სახელფასო ბარათის შეცვლა არ ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ მეცნიერებათა აკადემიის წევრებისთვის სახელფასო დნამატის მიცემის საკითხს.
”ივანიშვილის დახმარება შეგიწყდებათო, არავის უთქვამს, ეს არც უხსენებიათ,” – უთხრა “ნეტგაზეთს” მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა მეცნიერებათა აკადემიის წევრების სოციალური დამხარებისთვის 2010 წელს 1 036 400 ლარი დახარჯა.
”ქართუ ბანკმა” დღესვე გაავრცელა სპეციალური განცხადება და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ბანკზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა. ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ”ბანკი ქართუს” კლიენტებს საკუთარი ანაგრიშების სხვა ბანკებში გადატანას თხოვენ.