ახალი ამბები

”ქართუ ჯგუფი” კვლავ ზეწოლაზე საუბრობს

28 ოქტომბერი, 2011 •
”ქართუ ჯგუფი” კვლავ ზეწოლაზე საუბრობს

დღეს, 28 ოქტომბერს, ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფი“ ხელისუფლების ზეწოლის შესახებ უკვე მეორე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახური ”ქართუ ჯგუფს” ერეკლე მეფის მოედანზე „როსტომ მეფის“ სასახლეში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლები როსტომ მეფის სასახლეში გუშინ გვიან ღამით მივიდნენ, თანამშრომლებს სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა  მოსთხოვეს და ტერიტორია დაატოვებინეს. მიზეზად კი ზედამხედველობის სამსახურში არასწორად წარმოებული სამუშაოები დასახელდა.

როგორც ”ქართუ ჯგუფი” იტყობინება, ზედამხედველობის სამსახურმა ”ქართუ ჯგუფს” 4000 ლარის ჯარიმა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალა, თუმცა ”ქართუ ჯგუფის” თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ. ”ქართუ ჯგუფმა” როსტომ მეფის  სასახლის გარე სამუშაოების წარმოება 2011 წლის აგვისტოში დაასრულა. 1 სექტემბერს კი დედაქლაქის მერიას  მიმართა და ობიექტის შემოწმება სთხოვა, რათა შემდგომ მომხდარიყო შენობის ექსპლუატაციაში შესვლა.

”კანონით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 13 ოქტომბრამდე უნდა მისულიყვნენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის 10-მდე თანამშრომელი ერეკლე მეფის მოედანზე მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხდდა და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა,”- წერია ”ქართუ ჯგუფის” განცხადებაში. მათივე ცნობით, პრობლემა შეექმნა ”ქართუ ჯგუფს” ერეკლეს მოედანზე მდებარე 3000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზეც.

”ქართუ ჯგუფის” ცნობით, ეს ფართობი ბიძინა ივანიშვილმა  სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა და იქ მიწისქვეშა ავტოფარეხის გაკეთებას გეგმავდა. ავტოფარეხის მშენებლობაზე არსებობდა დედაქალაქის მერიისგან წინასწარი ნებართვაც, გვირაბის მშენებლობა 2010 წლის 26 მაისისთვის დასრულდა  და იქ მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი.

როგორც ”ქართუ ჯგუფში” ამტკიცებენ, დედაქალაქის მერიამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე ”ქართუ ჯგუფს” მიწის ნაკვეთი და მიწისქვეშა  ავტოსადგომი, რომელიც 100 მანქანაზე  იყო გათვლილი, ჩამოართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი