ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ,,ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, ასევე, ბანკს დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ ჩამორთმეული თანხები და მიეცეს მშვიდად და სტაბილურად ფუნქციონირების შესაძლელობა. შესაბამის განცხადებას ”ბანკი ქართუ” დღეს, 28 ოქტომბერს, ავრცელებს.
ბანკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მიუხედავად პოლიციის მიერ 18 ოქტომბერს დაყადაღებული დიდი ოდენობის თანხისა, ბანკში ფინანსური კრიზისი არ არის და უფრო მეტიც, ”დღეისათვის საქართველოს საბანკო სისტემაში ერთერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდობის დონე აქვს.”
”ბანკის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მისდამი საქართველოს ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის დღევანდელ დამოკიდებულებაში გადამწყვეტია პოლიტიკური ფაქტორი და ჩვენი დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ვექტორი მნიშვნელოვნად ბანკისაკენ არის მიმართული,” – წერია ”ბანკი ქართუს” დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
”ბანკი ქართუს” ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მათ ამგვარ მოსაზრებას ”პირდაპირ ადასტურებს ბანკის ინკასაციის მანქანაზე ფულის გათეთრების აღკვეთის მოტივით განხორციელებული თავდასხმა, როდესაც ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვის ქვეშ ხელისუფლებისადმი ლოიალური სს ,,საქართველოს ბანკის“, საიდანაც ვითომ ,,შავი ფულის” ტრანპორტირებას ვახდენდით, პასუხისმგებლობის საკითხი.”
ბანკის მენეჯმენტი ასევე ამტკიცებს, რომ სერიოზული ზეწოლა ხორციელდება ბანკის კლიენტებზე, რათა მათ გადაიტანონ ანგარიშები და ფულადი სახსრები სხვა ბანკებში. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ ზეწოლის შედეგად კომერციულ ბანკებმაც შეცვალეს დამოკიდებულება “ბანკი ქართუს“ მიმართ.







