ახალი ამბები

კვლევითი ინსტიტუტი ივანიშვილის დონორობით

27 ოქტომბერი, 2011 • • 1147
კვლევითი ინსტიტუტი ივანიშვილის დონორობით

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა”საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” დააფუძნეს, რომლის ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია.

დამფუძნებლების განცხადებით, პირველი, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

”იგი სრულად აცნობიერებს, რომ ინსტიტუტი არ უნდა განიცდიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ინტერესთა ჯგუფის ზეგავლენას, მისი შრომის შედეგი უნდა ეკუთვნოდეს მთელ ჩვენს საზოგადოებას და ის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალის, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, საქართველოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის,” – წერია ინსტიტუტის დამფუძნებლების მიერ დღეს, 27 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოციოლოგმა იაგომ კაჭკაჭიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი არის think tank-ის ტიპის არასამთავრობო ორგანიზაცია და მას ექნება კვლევითი ფუნქცია. სოციოლოგის თქმით, კვლევები მარტო სამეცნიერო ხასიათის არ იქნება, არამედ ჩართული იქნება რეალური პოლიტიკის კეთების პროცესში, იქნება ეს განათლების, მედიცინის, სამართლის თუ სოციალური დაცვის სფერო.

კითხვაზე, რატომ გახდა აქტუალური ”საქართველოს განვითარების კვლევითი ინტიტუტის” შექმნა, იაგო კაჭკაჭიშვილი პასუხობს: ”ჩვენთან [საქართველოში] ჩამოყალიბდა მანკიერი ტრადიცია. კერძოდ, პოლიტიკის დაგეგმვას სხვადასხვა სფეროში ეწევა სახელისუფლო წრეების წარმომადგენელი ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის პოლიტიკური ელიტის წევრი, დასავლეთში განათლებამიღებული, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს სტრატეგიული განვითარება და ფიქრობს, რომ რაიმე კვლევითი საქმიანობის წარმოება, საზოგადოებრივი განწყობის შესწავლა, რამდენად მზად არის საზოგადოება განვითარების ამა თუ იმ გეზისთვის, საჭირო არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს მართავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც საკმარისად კვალიფიციური და მომზადებულია იმისთვის, რომ სახელმწიფოს განვითარება უზრუნველყოს.

თუ კვლევები ტარდება, ეს არ არის გათვალისწინებული რეალური პოლიტიკის კეთებისთვის.  ჩვენი ფუნქციაა, რომ ეს კვლევები და შედეგები ჩაერთოს რეალობის მართვაში სხვადასხვა მიმართულებით.”

სოციოლოგი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლევითი ინსტიტუტის ერთადერთი დამფინანსებელი არ არის.

”მან სურვილი გამოთქვა, რომ გახდეს ერთ-ერთი დონორი. ასე ეჭვის თვალით შეხედვა ყველაფერზე შეიძლება.  ქვეყანაში არსებობენ სხვადასხვა დონორები, რომლებიც აფინანსებენ კვლევებს. ახლა ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია და  უკვე ვიწყებთ მუშაობას. სხვადასხვა კვლევების მონახაზი უკვე გაკეთებული გვაქვს და  ვაქცევთ კონკრეტულ საპროექტო წინადადებებად და მივმართავთ დონორ ორგანიზაციებს. ეს არ იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. იქნება სხვადასხვა ფონდი- სოროსის, მარშალის, ევრაზიის თანამშრომლობის და ა.შ.

შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ ეს კონკრეტული პიროვნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც მის ინტერესებს ემსახურება. არადა, არ არის ასე. საკმარისად პატიოსანი ადამიანები უდგანან ამას სათავეში და იქნებიან იმის სადარაჯოზე, რომ ეს იყოს მხოლოდ ექსპერტული, ობიქტური და კვალიფიციური კვლევა, ”- უთხრა ”ნეტგაზეთს” იაგო კაჭკაჭიშვილმა.

კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველა ხელისუფლებამ სცადა, გაეტარებინა რეფორმები თანამედროვე ფასეულობათა ცივილიზებული სისტემის დამკვიდრების მიზნით.  მათი მოსაზრებით, ”ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და მაქსიმუმი, რასაც ქვეყანამ დღევანდელი მდგომარეობით მიაღწია, არის ფასადური დემოკრატია და ნომენკლატურული კაპიტალიზმი.”

ახლადდაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტი სათანამშრომლოდ იწვევს მეცნიერებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს, აგრეთვე, პოტენციურ დონორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი