ფულის გამოძალვის ბრლდებით სომხეთში ვებ-გვერდ Analitik.am-ის დირექტორი ანი ოვანისიანი და მისი თანაშემწე დააკავეს.
სომხეთის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 მაისს სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, ტიგრან ურიხანიანმა, პარტია “ალიანსის” წევრმა განცხადება შეიტანა პოლიციაში, რომლის მიხედვით, Analitik.am-ის დირექტორი მასზე და მის ოჯახზე პერიოდულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. მისივე ცნობით, ანი ოვანისიანი ყოველი თვის დასაწყისში მას 300 ათასი [627 აშშ დოლარი] დრამის გადახდას ავალდებულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი პუბლიკაციების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.
ვებ-გვერდის დირექტორი, ანი ოვანისიანი სწორედ ფულის გადაცემის პროცესში, ერევნის ერთ-ერთ კაფეში 3 მაისს დააკავეს.
ამ ფაქტის შემდეგ სომხეთის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ნაირა ზოგრაბიანმა აღიარა ოფიციალურად, რომ ანი ოვანისიანი მასაც აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა.
ამ დროისთვის ვებ-გვერდის დირექტორი და მისი თანაშემწე დაკავებული არიან და გამოძიება მიმდინარეობს.