ახალი ამბები

ევროკომისარი ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას წელსვე შეძლებენ

4 მაისი, 2016 • 1774
ევროკომისარი ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას წელსვე შეძლებენ

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარი, იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეები ევროკავშირში [შენგენის ზონა] უვიზოდ მგზავრობას 2016 წელსვე შეძლებენ. ამის შესახებ ევროკომისარმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჰანის თქმით, საბოლოოდ, ქვეყნისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება პოლიტიკური შეფასების თემაა, “თუმცა ამ ქვეყნებმა დააკმაყოფილეს შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტებს დაუახლოვდნენ”. ჰანის განმარტებით, ის სამუშაო, რაც ქვეყნებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში განახორციელეს, რამდენიმე სფეროს ეხება და სარგებელი ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის მოაქვთ.

ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარდგა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება. ამ ეტაპზე საკითხს ევროპარლამენტი განიხილავს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური [სამოქმედო გეგმა] ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას): საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი