ახალი ამბები

ივანიშვილი პირველი არხისგან პრესკონფერენციის დაანონსებას ითხოვს

27 ოქტომბერი, 2011 •
ივანიშვილი პირველი არხისგან პრესკონფერენციის დაანონსებას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილსი პრესსამდივნო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მოუწოდებს, საკუთარ მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია ბიზნესმენის პრეკონფერენციის თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2011 წლის 1 ნოემბერს, 16 საათზე, პირდაპირ ეთერში ჩართოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია, რომელიც პირველად იმართება მედიისთვის.

ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს შორის 24 ოქტომბერს შედგა შეთანხმება, რომ  პრესკონფერენცია პირველი არხის ეთერით პირდაპირ ეთერში 1 ნოემბერს გადაიცემოდა. ბიზნესმენის მხარის მტკიცებით, მაშინვე მოხდა შეთანხმება, რომ დანიშნული პრესკონფერენციის დეტალებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში დააზუსტებდა. ამ შეთანხმების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ სატელეფონო ზარით სთხოვა გია ჭანტურიას გაკეთებულიყო მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება, რაც დღემდე არ შესრულებულა და პრესსამდივნოს თხოვნას გია ჭანტურიას მხოლოდ სარკაზმით სავსე პასუხი მოჰყვა.

თავის მხრივ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა ივანიშვილის მოთხოვნებს.

”საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ივანიშვილის პრესსამსახურს შორის ნამდვილად მოხდა შეთანხმება პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფის შესახებ. შეთანხმებაზე ინფორმაცია იმავე დღეს საინფორმაციო სააგენტოებს და მედიასაშუალებებს დაუდასტურეს მაუწყებელმაც და თავად ირაკლი ტრიპოლსკიმაც. ორივე მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებებში დაანონსებული იყო ბრიფინგის დანიშვის დრო და თარიღი. 

რაც შეეხება ივანიშვილის პრესსამსახურის პრეტენზიას, რომ თითქოს ბრიფინგის ანონსირება უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ასეთი შეთანხმება ვერ მოხდებოდა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს არ ახდენს ცალკეული პირების ბრიფინგების ინდივიდუალურ სატელევიზიო ანონსირებას,” – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ  შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან გამოთქმული დაუსაბუთებელი პრეტენზია იწვევს ეჭვს, რომ ივანიშვილს თავად აღარ სურს პრესკონფერენციის ჩატარება და ამის საბაბად საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს. 

”საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალაში ტოვებს შეთავაზებას. თუ ივანიშვილი პრესკონფერენციას ჩაატარებს, მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირ ტრანსლირებას – სამშაბათს, 1 ნოემბერს, 16.00 საათზე,” – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი