ახალი ამბები

ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსზე 16-17 დეკემბერს დამტკიცდება

27 ოქტომბერი, 2011 •
ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსზე 16-17 დეკემბერს დამტკიცდება

დღეს, 27 ოქტომბერს, პარლამენტში ვენეციის კომისიის წევრებმა ჟურნალისტებისთვის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს.

ვენეციის კომისიის ერთ–ერთი წევრის, კომისიის მდივნის თომას მარკერტის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნა ვენეციის კომისიის 16-17 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდება.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი პროექტი გადამუშავდება და ცვლილებებს დაექვემდებარება.

“აღნიშნული კანონპროექტი არ არის საბოლოო. გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით გამოთქმული იყო შენიშვნები. ხოლო ასევე აღსანიშნავია, რომ ცალკეული ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ, ამ კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის. ეს შეეხება პატიმრების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, დამოუკიდებელი კანდიდატებისა და ასევე საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხებს,” – აღნიშნა მარკერმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის ოთხი წევრი, თომას მარკერტი – დირექტორი, ვენეციის კომისიის მდივანი; მანუელ გონსალეს ოროპეზა – მექსიკის წარმომადგენელი;  გელ მარტინ–მიკალეფი – პროექტის ოფიცერი არჩევნების საკითხებში, არჩევნებისა და რეფერენდუმების განყოფილებიდან; და ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) უფროსი მრჩეველი არჩევნების საკითხებში არმინ რაბიჩი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩამოვიდნენ.

მათ შეხვედრები გამართეს ხელისუფლების, ოპოზიციის, საარჩევნო კოდექსის პროექტზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი