ვაშინგტონში Heritage Foundation-ის კონსერვატიულ ცენტრში გამოსვლისას ბონერმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოუწოდა, შეწყვიტოს “რუსეთის უპატივცემულობის” უგულვებელყოფა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი და განაცხადა, რომ “საგანგაშო” გზავნილებს იღებს იმის შესახებ, რომ აშშ არ აპირებს რუსეთზე ზეწოლას, რათა აიძულოს მოსკოვი, აღიაროს ის საზღვრები, რომელიც საქართველოსთან 2008 წლის ომამდე არსებობდა.
“ადმინისტრაციამ უნდა მოძებნოს ამ ჩიხური სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. . . მხოლოდ მაშინ ექნება აზრი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკითხის განხილვას,” – აღნიშნა ბონერიმ.
თუმცა ბონერი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს გარდა არსებობს სხვა „მნიშვნელოვანი მოუგვარებელი სავაჭრო პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია“ მანამ, სანამ კონგრესი (რუსეთთან) სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს შეუდგება.
მოსკოვში კი რუსმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მოთხოვნებს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უარი თქვას ორი გამოყოფილი რეგიონის დიპლომატიურ აღიარებაზე მსო-ს წევრობის სანაცვლოდ, „შეუძლებელი“ უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მრჩევლმა არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, „ჩვენ არასდროს მივიღებთ საქართველოს მოთხოვნებს”.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტომი ვიეტორმა გუშინ განაცხადა, რომ „ობამას ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ და მან „მკაფიოდ გააგებინა ყველას, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო გამოსველებში, რომ შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს რუსეთის მსო-სი გაწევრიანებას, სანამ რუსეთი და საქართველო ვაჭრობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე არ შეთანხმებიან“.
თუმცა დემოკრატმა კონგრესის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტიდან გოვარდ ბერმანმა ბონერის ტაქტიკა ეჭვქვეშ დააყენა.
მისი თქმით, თუ კონგრესი აშშ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას არ მოახდენს, „ამით ჩვენი კომპანიები დაზარალდებიან“, რადგან მათ არ ექნებათ „წვდომა რუსულ ბაზრებზე“.
მან ეჭქვეშ დააყენა ბონერის განცხადება იმის თაობაზე, რომ ობამას ადმინისტრაცია „საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან დათმოს“ სასაზღვრო საკითხები. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან დავა უნდა მოაგვაროს, და მას არ უნდა ჰქონდეს გათვლა იმაზე, რომ ჩვენ თბილისს დავითანხმებთ“, – თქვა ბერმანმა.