ახალი ამბები

ვენეციის კომისიის ექსპერტების პარლამენტში შეხვედრების დეტალები

26 ოქტომბერი, 2011 •
ვენეციის კომისიის ექსპერტების პარლამენტში შეხვედრების დეტალები
ვენეციის კომისის ექსპერტები საქართველოს პარლამენტში
ვენეციის კომისის ექსპერტები საქართველოს პარლამენტში
საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების, მარკირების აკრძალვა, ამომრჩეველთა სიების ფორმირება, ციხეებში დაბალი სასჯელის მქონე პატიმრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, – ეს ის საკითხებია, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანოში ვენეციის კომისიის ოთხ წარმომადგენელთან შეხვედრაზე უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.  

შეხვედრები, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიის ექსპერტებსა და ქართველ კანონმდებლებს, ახალ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შედგა, კომისიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო კოდექსში მიმდინარე ცვლილებების გაცნობით ხასიათს ატარებდა.

პირველი შეხვედრა მათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გამართეს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  ჩიორა თაქთაქიშვილი ესწრებოდნენ.

უმრავლესობამ აღნიშნული შეხვედრა და ვენეციის კომისიის ჩართულობა ახალი საარჩევნო კოდექსის დახვეწაში დადებითად შეაფასა.

“პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ძალიან აქტუალურად ჩაერთო ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის შემუშავებასა და დახვეწაში. შეხვედრაზე საუბარი იყო კოდექსის ტექსტის გარკვეული ნაწილების დახვეწაზე. რაც შეეხება საუბრის ძირითად თემას, აქცენტი გამახვილდა დამოუკიდებელ კანდიდატებზე, მსჯავრდებულებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებაზე,” – განაცხადა მინაშვილმა.

მსჯავრდებულებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე ისაუბრა შეხვედრის დასრულების შემდეგ პალიკო კუბლაშვილმა.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, რომ ყველა კატეგორიის მსჯავრდებულებს არა, მაგრამ ნაწილს მაინც მიეცეს პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამ რეკომენდაციის შესრულებას ეწინააღმდეგება.  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის  ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით კი, მნიშვნელოვანია ახალი საარჩევნო კოდექსის, როგორც პოლიტიკური შეთანხმებების საგნის, ვენეციის კომისიის ექსპერტებისთვის გაცნობა.     

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ გავაცნოთ ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელზეც იმუშავა სარედაქციო კომისიამ და რომელიც გახლავთ პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ  პარლამენტი ახალ საარჩევნო კოდექსს იქამდე არ განიხილავს, სანამ არ გვეცოდინება მათი დასკვნა,” – განაცხადა თაქთაქიშვილმა.    

შეხვედრის მეორე ეტაპი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ნაწილთან (“ქრისტიან–დემოკრატების”, “ახალი მემარჯვენეებისა” და ედპ–ს წარმომადგენლებთან) შედგა.

“ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის” პოლიტიკური მდივნის გიორგი გოგნიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მათი მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შეზღუდვის საკითხი დააყენეს.

“ჩვენ ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით მათ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვები. ჩვენ ძირითადი აქცენტი გადავიტანეთ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვის საკითხზე. ეს მუხლები და რეგულაციები კვლავ რჩება პრობლემად ჩვენს საარჩევნო კოდექსის პროექტში. ჩვენ შევახსენეთ ვენეციის კომისიას, რომ ის დასკვნა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეუთომ და ვენეციის კომისიამ  დადეს, რეკომენდაცია, რომ არანაირი ადმინისტრაციული რესურსის, არც მატერიალურის, არც ადამიანურის, არც ფინანსურის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ის ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ ასახული ჩვენს ახალ კანონპროექტში და მათაც ეს, ბუნებრივია, ჩაინიშნეს,” – აღნიშნავს გოგნიაშვილი.

ქდმ–ს ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ შეხვედრაზე გამოკვეთა პატიმრების არჩევნებში ჩართულობის საკითხი და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით კომისიის წევრებს შეკითხვები ჰქონდათ.

მესამე შეხვედრა დღის მეორე ნახევარში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენელთაგან საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრი და “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, პაატა დავითაია და საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ესწრებოდნენ.

ბაღათურიამ ის ძირითადი საკითხები გამოყო, რაზეც კომისიის წევრებთან შეხვედრაზე პირადად გაამახვილა ყურადღება.

“ზოგიერთი საკითხები მათთვის რთული ასახსნელი იყო. მაგალითად, რატომ არ შეიძლება არჩევნებზე ხმის უფლება მივცეთ უკვე მისჯილ პატიმრებს. ჩემთან საუბრამდე მათ ეს წარმოედგინათ, რომ თითქოს ისინი ამით მათ უფლებებს იცავდნენ, თუმცა ავუხსენი, რომ ეს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას უფრო დაამძიმემბდა  და როდესაც ვაჩვენე სტატისტიკა, როდესაც სპეც–უბნებიდან, პოლიციის ან ჯარის უბნებიდან 100 პროცენტით ხელისუფლების მხარდამჭერი ხმები გამოდის, ამის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ამით პატიმარს კი არ იცავდნენ, არამედ მას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებდნენ.

ჩვენ გავაცანით მათ ხუთი ძირითადი მიმართულება, რომელი მიმართულებითაც წინასაარჩევნო მდგომარეობა გართულდა პარტიებისთვის. პირველი ეს არის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და ამის ძალიან კარგი მაგალითია ის სტატისტიკა, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა, როდესაც არც ერთ პარტიას საარჩევნო კამპანიისთვის არც ერთი თეთრი არ აქვს და ეს დაფინანსება მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს მიღებული,” – აღნიშნა ბაღათურიამ.

მისივე განცხადებით, კომისიის წევრთა დაინტერესება ადმინისტრციული რესურსების, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ამომრჩეველთა სიების ფორმირების საკითხებს შეეხო.   

“შეხვედრაზე ხაზი გავუსვი ადმინისტრაციული რესურსების, სახელმწიფო რესურსების, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებას არჩევნებში სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს გავლენა არჩევნებზე და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს გავლენა. ამ უკანასკნელის საილუსტრაციოდ მე მოვიყვანე მაგალითი, როდესაც დაახლოებით 3 მილიონი ამომრჩევლიდან 900 ათასი ადამიანი სიღატაკის პროგრამაშია და იღებს სახელმწიფოსგან 30 ლარიან შემწეობას. ამ ადამიანების სიცოცხლე  დამოკიდებულია ამგვარ შეღავათებზე. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ამის წართმევა შეუძლია სოციალური სააგენტოს აგენტს, ან გამგებელს. შესაბამისად, მათ აიძულებენ, რომ არჩევნებში ხმა “ნაციონალურ მოძრაობას” მისცენ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოს, გამგეობას, პროკურატურას, საგადასახადოს, განათლების სამინისტროს, ანუ სახელმწიფფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს უნდა აეკრძლოთ საარჩევნო პროპაგანდაში მონაწილეობა.

მესამე თემა შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციებს, სადაც ყველგან, უბნიდან დაწყებული ცესკოთი დამთავრებული, 13–დან 7 წევრი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია. და ბოლოს სააჩევნო სიები. თქვენ გახსოვთ, “ნაციონალურმა მოძრობამ” წარმოადგინა ათპუნქტიანი საარჩევნო რეფორმის მიმართულებები და თქვა, რომ ვინც ამას ხელს მოაწერდა, ისინი მიიღებდნენ მილიონს. ერთ–ერთი პუნქტი მათ შორის იყო საარჩევნო სიების გადამოწმება. მე და ჩემს პარტიას გვაქვს სურვილი საარჩევნო სიების გადამოწმების, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებოდით იმ ცხრა პუნქტს. შესაბამისად, ჩვენ ან მოსყიდულები უნდა ვყოფილიყავით, ან არ უნდა მოგვეწერა ხელი. ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას. აღნიშნულ საკითხზე კანონი უკვე მიღებულია, რომელიც “ქრისტან დემოკრატებმა” დააყენეს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სიებს გადაამოწმებენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს,” – აღნიშნა ბაღათურიამ.

დღის ბოლოს ყველა ცალსახად აღნიშნავდა ვენეციის კომისიის წევრების ჩართულობის დადებით მხარეებზე ახალი საარჩევნო კომისიის ფორმირების საკითხზე და მათგან ისინი ადეკვატურ რეკომენდაციებს მოელიან.

ვენეციის კომისიის ოთხკაციან დელეგაციაში შედიან  თომას მარკერტი – დირექტორი, ვენეციის კომისიის მდივანი;  მანუელ გონსალეს ოროპეზა – მექსიკის წარმომადგენელი;  გელ მარტინ–მიკალეფი – პროექტის ოფიცერი არჩევნების საკითხებში, არჩევნებისა და რეფერენდუმების განყოფილებიდან; და ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) უფროსი მრჩეველი არჩევნების საკითხებში არმინ რაბიჩი.

მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი ხვალ, 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში გამართავენ შემაჯამებელ პრესკონფერენციას ჟურნალისტებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი