ახალი ამბები

ვენეციის კომისიის ექსპერტების შეხვედრა სარედაქციო ჯგუფთან

26 ოქტომბერი, 2011 •
ვენეციის კომისიის ექსპერტების შეხვედრა სარედაქციო ჯგუფთან

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წევრებსა და ვენეციის კომისიის ექსპერტებს შორის შეხვედრა დასრულდა.

სარედაქციო ჯგუფის ერთ–ერთი წევრის, მამუკა კაციტაძის თქმით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოიწვია ვიდეოკამერების, მარკირების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების საკითხებმა.

“ჩვენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გავაცანით ის შენიშვნები, რაც გვაქვს საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცაა, რომ პირველი – შეთანხმების ყველა მუხლი შეუცვლელად და ეფექტურად აისახოს ახალ კოდექსში და მეორე – ის, რომ ხელისუფლების ცალმხრივი ინიციატივები არ აისახოს კოდექსში და მთლიანობაში ეს იყოს შეთანხმების პროდუქტი”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

შეხვდერაზე ყურადღება გამახვილდა ციხეებში დაბალი სასჯელის მქონე პატიმრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც.

“დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან – დამთავრებული ევროკავშირისა და სხვადასხვა საერთშორისო ორგანიზაციებით, თუ რაიმე შენიშვნა და რეკომენდაცია კეთდება საქართველოს მიმართ, ეს კეთდება პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით, იქ არსებულ წნეხთან დაკავშირებით. როდესაც ვამბობთ, რომ დაბალი სასჯელის მქონე პატიმრებს მივაღებინოთ არჩევნებში მონაწილეობა, წარმოგიდგენიათ, თუ რა სიტუაციაში იქნება ციხეში პატიმარი, რა წნეხი ელოდება მათ ამ შემთხვევაში?! ჩვენ ვენეცის კომისიის ექსპერტებს ვუთხარით, რომ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები შეწყვეტენ შენიშვნების მიცემას პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ საკითხის დაყენება,” – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

სარედაქციო ჯგუფის წევრების ნაწილთან (“ქრისტიან–დემოკრატების”, “ახალი მემარჯვენეებისა” და ედპ–ს წარმომადგენლებთან) ვენეციის კომისიის ექსპერტების შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა დახურულ კარს მიღმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის ექსპერტებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, ისინი ხვალ გამართავენ ბრიფინგს ჟურნალისტებისთვის.

დღეს, 15:00 საათზე, დაგეგმილია ვენეციის კომისიის ექსპერტების შეხვედრა საპარალამენტი უმცირესობის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი