ახალი ამბები

მინისტრის პასუხი ბერას

25 ოქტომბერი, 2011 •
მინისტრის პასუხი ბერას

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს Facebook-ის მეშვეობით კვლავ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მინისტრი ბერასა და შალვა რამიშვილს ეხმიანება.

ბერა ივანიშვილის ბოლო სიმღერაში ”ვერავინ ვერასდროს ვერსად” გოგა ხაჩიძე შემდეგი პასაჟითაა მოხსენებული ”გოგა, წვიმად გადაიქეცი”, მინისტრის განცხადებაც სწორედ სიმღერის ტექსტის ამ ნაწილზე პასუხია.

”პირველ ”თხოვნას”, ”წვიმად გადაქცევას” ვგულისხმობ, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ დავაკმაყოფილებ. ”თხოვნის ავტორს მამა-შვილურად მინდა ავუხსნა: მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სიურპრიზი აღმოჩნდეს, არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ფულიც კი ვერ აგვარებს. ეს, ალბათ, უფრო მომავლის საქმეა და ძირითადად მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე იქნება დამოკიდებული”, –  წერს მინისტრი მოკლე განცხადებაში.

გოგა ხაჩიძემ თავის განცხადებაში შალვა რამიშვილსაც უპასუხა, რომელმაც Facebook-ის საკუთარ პროფილზე გუშინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ მას გოგა ხაჩიძემ შეტყობინება გაუგზავნა, თუკი მის მუსიკას კვლავ გამოიყენებდა ახალ ”დარდუბალაში”, საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლებდა.

”რაც შეეხება ძველი დარდუბალას მუსიკას, რომელიც ჩემი გაკეთებულია, თუკი მას ახალ დარდუბალაში გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვ ჰონორარს (ამის კანონიერი უფლება მაქვს, საქ. კონსტ. მუხლი 81(2). ვფიქრობ, სამართლიანია. ფაქტია, რომ მუსიკა მე გავაკეთე და ისიც ფაქტია, რომ ახალი ”დარდუბალას” შემკვეთი ”უფულობას არ უჩივის”

მინისტრი ამბობს, რომ შეეცდება, რაც შეიძლება მეტი თანხა აიღოს, რათა:

”სრულად გადავუნაწილო იმ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არ დახმარებია (მერე რომ არ თქვას: მაგათ აქამდეც ვეხმარებოდიო)”- ნათქვამია განცხადებაში.

გოგა ხაჩიძე თავის განცხადებაში იმ შესაძლებლობაზეც საუბრობს, თუ ვინმე იმის დამტკიცებას დაუწყებს, რომ მას საკუთარი საავტორო უფლებების დაცვის უფლება არ აქვს:

”ხოლო თუ ვინმე შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ეს ”რაღაცნაირად” ასე არაა, მაშინ დარჩეს ძველი მუსიკა ახალი ”დარდუბალას” უსინდისობის ჰიმნად, ან თუნდაც ”ფეშქაშად”- წერს მინისტრი ხაჩიძე.

გოგა ხაჩიძე პრობლემის მარტივად მოგვარების გზასაც სახავს, თუკი ახალი ”დარდუბალას” შემქმნელები დევიზით ”ვის რაში ჭირდება შენი გაკეთებული მუსიკა, ახალს გავაკეთებთ”იხელმძღვანელებენ.

”ტექსტი ხომ მაინც გამოსაცვლელია, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა არც ”11 თვის დაგვიანებული პენსია” არსებობს და არც ”ქრთამია მთავრობის ყოველდღიური ცხოვრების წესი”, სწორედ ეს ციტატებია ანიმაციის ძველი ვერსიის ტექსტში” – ნათქვამია განცხადებაში

ბოლოს კი გოგა ხაჩიძე ახალი ”დარდუბალას” შემქმნელებს ურჩევს, რომ თუკი ანიმაციური სერიალის ქუდის ახალ მუსიკას გააკეთებენ, რეპი აირჩიონ, რადგან უფრო საჯარო პროექტი გამოვა.

ამავე თემაზე:

გარემოს დაცვის მინისტრი ისევ ბერას შესახებ

გარემოს დაცვის მინისტრი ბერას შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი