ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ

25 ოქტომბერი, 2011 • • 1012
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ
დღეს, 25 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა მოსაზრებები პოლიტიკურ გაერთიანებათა დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით.

მოხსენებაში საუბარია მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის დეტალებსა და წინადადებებზე.

სხდომაზე სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისას სამინისტრო გაითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (GRECO, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ ინიცირებული იქნება დამატებითი რეგულაციები, რომელთა ნაწილიც პოლიტიკურ პარტიებს შორის 2011 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ დებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მუხლობრივი ფორმულირებები, შესაბამისად, რთულია სამართლებრივი ანალიზის გაკეთება.

გამოქვეყნებულ განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სისტემაში  არსებული პრობლემები გასული (2008 და 2010 წლების) არჩევნების პერიოდშიც მწვავედ ისმებოდა, GRECO-ს რეკომენდაციები კი, ჯერ კიდევ 2011 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა. მმართველი გუნდის მიერ მათი გათვალისწინება დღემდე არ მომხდარა და არც ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტში ასახულა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პარტიათა დაფინანსების შეზღუდვების მიმართულებით ხელისუფლების ინიციატივები შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.

ამ ფონზე არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემის დახვეწით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვით უნდა დაიწყოს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პარტიათა დაფინანსების შეზღუდვის შემოღება საარჩევნო გარემოს არსებითად ვერ გააუმჯობესებს. საპარლამენტო მანდატების განაწილების არსებული წესის გადასინჯვის გარეშე (მაგალითად, საარჩევნო ხმებისა და პარლამენტში მიღებული მანდატების თანაფარდობის შეცვლა და მაჟორიტარულ ოლქებში კენჭისყრის პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 30%-ანი ზღვრის გაზრდა 50%-მდე), ის პარტია, რომელსაც ადმინისტრაციულ რესურსებთან მეტი წვდომა აქვს, ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში იქნება, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნას შეუძლებელს გახდის,” – ნათქვამია ერთიან განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი