ახალი ამბები

მძღოლებს მიკროავტობუსში მგზავრების ფეხზე დაყენების უფლება ექნებათ

25 ოქტომბერი, 2011 • 1124
მძღოლებს მიკროავტობუსში მგზავრების ფეხზე დაყენების უფლება ექნებათ

ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებსა და ”თბილისის მიკროავტობუსს” შორის შეთანხმება შედგა. გუშინდელი აქციის შემდეგ ”თბილისის მიკროავტობუსმა” სამარშრუტო ტაქსების მძროლებს ნება დართო, მგზავრები ფეხზე დააყენონ, სანამ ტრანსპორტის სისტემა დაიხვეწება და მისის მუშაობა სრულფასოვანი არ გახდება.

”თბილისის მიკროავტობუსის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ სატრასპორტო სისტემის დახვეწაში ძველი მიკროავტობუსების მთლიანად ახლით ჩანაცვლება იგულისხმება.

როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, ჩანაცვლების  პროცესი 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მანამდე კი მძღოლებს მგზავრების ფეხზე დაყენების უფლება ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ საღამოს ყვითელმა მიკროავტობუსებმა  პროტესტის ნიშნად ერთი საათით შეწყვიტეს მუშაობა, რადგან რამდენიმე მძღოლი ფეხზე მდგომი მგზავრების გამო 100 ლარით დააჯარიმეს.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ერთ-ერთმა მძღოლმა აღნიშნა, რომ თუ მგზავრებს ფეხზე არ დააყენებენ, მხოლოდ ენთუზიაზმზე მოუწევთ მუშაობა:

”საწვავის ფასმა მოიმატა, ახალი მიკროავტობუსების სარემონტო ხარჯები ძალიან დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენ მანქანები იჯარით გვაქვს აღებული და თვეში 200 ლარს ვიხდით ვალის სახით”, – გვითხრა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა.

მგზავრების ფეხზე დაყენების გამო მხოლოდ ახალი, ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები დაჯარიმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი