ახალი ამბები

მსო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებათა მორიგი რაინუდი

25 ოქტომბერი, 2011 • • 1084
მსო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებათა მორიგი რაინუდი
დღეს,  25 ოქტომბერს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება.

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, გასული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

მისივე თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს შეთავაზებას – რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებობდეს სავაჭრო მონიტორინგი, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. 

“წინა რაუნდთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. შედეგი ვერც ბოლო რაუნდის დროს მივიღეთ. მთავარ პრობლემას კვლავ წარმოადგენს ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს შემოთავაზებას, საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებობდეს სავაჭრო მონიტორინგი, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნა და წინადადება, რომლის უგულვებელყოფაც ვერ მოხდება. როგორც კი რუსეთი მზად იქნება, რომ ამ წინადადებას დათანხმდეს, ჩვენც, რასაკვირველია, მზად ვართ, შესაბამისად, ჩვენი თანხმობაც განვაცხადოთ,” – აღნიშნა კალანდაძემ.

მან ბრიფინგზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოზე ზეწოლას არ ანხორციელებს.

“რაც შეეხება ზოგად სპეკულაციებს საკითხის გარშემო, რომ თითქოს არსებობს საქართველოს მიმართ რაიმე სახის ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად აცნობიერებს მსო-ს ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს ლეგიტიმურ მოთხოვნას,” – განაცხადა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიენებაზე მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი